„პარი სენ-ჟერმენი“ მეათედ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი, საჩემპიონო გოლი ლიონელ მესიმ გაიტანა #1TVSPORT
საფრანგეთის ჩემპიონატის 34-ე ტურში „პარი სენ-ჟერმენმა“ ფრედ (1:1) ითამაშა „ლანსის“ წინააღმდეგ და მიუღწეველი გახდა კონკურენტებისთვის.
68-ე წუთზე ანგარიში ლიონელ მესიმ ნეიმარის პასით გახსნა, თუმცა ათი ფეხბურთელით მოთამაშე „ლანსმა“ კორენტენ ჟანის გოლით 88-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში.
„პარი სენ-ჟერმენმა“ 78 ქულა დააგროვა და მისმა უახლოესმა მდევარმა „მარსელმა“, რომელსაც 62 ქულა აქვს, ტიტულის მოპოვების მათემატიკური შანსებიც დაკარგა.
პსჟ მეათედ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი და გაუთანაბრდა რეკორდსმენ „სენტ ეტიენს“. ცხრა ტიტული აქვს „მარსელს“, რვა-რვა – „მონაკოსა“ და „ნანტს“, შვიდი – „ლიონს“.
უნდა აღინიშნოს მარკო ვერატის რეკორდი – ის პირველი ფეხბურთელია ლიგა 1-ის ისტორიაში, ვინც რვაჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი.
ლიონელ მესიმ პირველი ტიტული მოიგო „ბარსელონას“ მიღმა და ახლა, კარიერაში სხვადასხვა ტურნირზე 35 გამარჯვება დაუგროვდა. სხვათა შორის, მესიმ და ნეიმარმა მეათე ერთობლივი ტიტული მოიპოვეს.
გარდა ამისა, კარიერაში პირველი საჩემპიონო ტიტული მოიგო პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო პოჩეტინომ.