პარი სენ-ჟერმენის წარმომადგენლები არასერიოზულს უწოდებენ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს კლუბი იძულებული იქნება ამ ზაფხულს კილიან მბაპე ან ნეიმარი გაყიდოს.
ფრანგული ლიგა 1-ს გიგანტები წელს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალიდან მანჩესტერ იუნაიტედმა გამოთიშა, ამის შემდეგ კი რეალ მადრიდმა ორივე ზემოხსენებულ ფეხბურთელის შეძენის სურვილი გამოთქვა: ჟურნალისტის შეკითხვაზე, ნეიმარი ურჩევნია თუ მბაპე, მადრიდელთა პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა უპასუხა – „ორივე“. მოგვიანებით, მსგავსი ინტერესი სამეფო გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმაც დაადასტურა.
აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის კანონების თანახმად, ფეხბურთელის კონტრაქტში გამოსასყიდი პუნქტის შეტანა არ შეიძლება და, გარდა ამისა, როგორც ი-ეს-პი-ენი (ESPN) იტყობინება, პარი სენ-ჟერმენმა უკვე მიიღო გარანტიები ნეიმარისა და მბაპეს ბანაკებიდან, რომ ფეხბურთელები ამ ზაფხულს კლუბიდან წასვლის სურვილს არ გამოთქვამენ.