„პარი სენ-ჟერმენი“ კილიან მბაპეს სატრანსფერო საკითხის გადაწყვეტას უახლოეს დღეებში აპირებს #1TVSPORT
იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, უახლოეს დღეებში „პარი სენ-ჟერმენი“ კილიან მბაპეს სატრანსფერო საკითხს საბოლოოდ გადაწყვეტს.
პარიზულმა კლუბმა საფრანგეთის ნაკრების კაპიტანს ერთგვარი ულტიმატუმი წაუყენა. თუ კილიანი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს იტყვის, „პარი სენ-ჟერმენი“ მას სატრანსფერო ფასს მიანიჭებს და მიმდინარე ზაფხულშივე გაასხვისებს.
ამავდროულად, მადრიდის „რეალი“ სიტუაციას აკვირდება და ელოდება, როდის დაასახელებს პარიზული კლუბი კილიან მბაპეს ფასს. უკვე რამდენიმე წელია, „სამეფო კლუბის“ მთავარი სამიზნე სწორედ ისაა.
ბოლო ინფორმაციით, მბაპე არ აპირებს კონტრაქტში არსებული პუნქტი (კონტრაქტი 2+1 სისტემით) გამოიყენოს, რომელიც 2024 წელს გააქტიურდება და მას შეეძლება, ხელშეკრულება ავტომატურად, 2025 წლამდე გაახანგრძლივოს „პარი სენ-ჟერმენთან“. კლუბში კი მისი უფასოდ დაკარგვა არ სურთ. პარიზელები ამჯობინებენ, მბაპე წელსვე გაყიდონ, ვიდრე მომავალ ზაფხულს მან გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.