„პარი სენ-ჟერმენი“ გაძლიერებას სერხიო აგუეროთი გეგმავს
„პარი სენ-ჟერმენი“ გაძლიერებას სერხიო აგუეროთი გეგმავს

მაურისიო პოჩეტინოს „პარი სენ-ჟერმენში“ დიდი გეგმები აქვს და გუნდის გაძლიერების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს. არგენტინელი სპეციალისტის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სერხიო აგუეროა.

პოჩეტინო „სიტის“ ფორვარდის შეძენას ზაფხულში გეგმავს. Canal+-სთან საუბრისას, საფეხბურთო აგენტმა, ბრუნო სატინმა აღნიშნა, რომ არგენტინელი სპეციალისტისთვის აგუეროს დამატება ამ ეტაპზე პრიორიტეტული საკითხია, რადგან მას სურს, რომ ისედაც ვარსკვლავებით დაკომპლექტებულ წინა ხაზს, კიდევ ერთი ასეთი დონის ფეხბურთელი შემატოს.

48 წლის სპეციალისტს გუნდში კიდევ არაერთი ფეხბურთელის დამატება სურს. დელე ალი, უგო ლორისი, კრისტიან ერიქსენი – ეს იმ ფეხბურთელების მცირე ჩამონათვალია, რომელთა შეძენასაც პოჩეტინო აქტიურად ცდილობს.

„პარი სენ-ჟერმენმა“ ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით პირველი მატჩი „სენტ-ეტიენის“ წინააღმდეგ, 6 იანვარს გამართა. შეხვედრა 1:1 დასრულდა. პარიზული კლუბიდან გოლი მოისე კინმა გაიტანა.

პსჟ ლიგა 1-ში 18 ტურის შემდეგ 36 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება და ლიდერ „ლიონს“ 3 ქულით ჩამორჩება.