გიორგი პაპუნაშვილმა ესპანეთში გადასვლის შემდეგ საუკეთესო თამაში ჩაატარა. მან ეს ლა ლიგა2-ის მე-40 ტურში მოახერხა.
22 წლის ქართველი შემტევი ნახევარმცველის გუნდმა საშინაო შეხვედრაში “ალბასეტე” 4:1 დაამარცხა. გიორგი “სარაგოსას” ძირითად შემადგენლობაში იყო და 58-ე წუთზე შეცვალეს. მაგრამ ამ 58 წუთში მან ძალიან ბევრი მოახერხა – ის ოთხივე გოლის უშუალო შემოქმედი და მონაწილე იყო.
მე-11 წუთზე ანგარიში გახსნა, 28-ე წუთზე (ანგარიში 1:1 იყო) თავსიანები მეორედ დააწინაურა, 42-ე წუთზე ალბერტო ზაპატერას საგოლე გადაცემა გაუკეთა, 53-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო, ხოლო 56-ე წუთზე ჰეთ-თრიქი შეასრულა და საბოლოო ანაგარიში დააფიქსირა (ვიდეო).
“სარაგოსამ” 40 ტურში 65 ქულა დააგროვა, მეოთხე ადგილზეა და გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე ლა ლიგაში გადასვლის შანსებს ინარჩუნებს. პაპუნაშვილმა კი მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 25 მატჩში 7 გოლი გაიტანა.