პაპუნაშვილიც სერბეთში ითამაშებს - გიორგი „რადნიჩკისთან“ ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს #1TVSPORT
გიორგი პაპუნაშვილი კარიერას სერბეთში, ნიშის „რადნიჩკიში“ გააგრძელებს – ინფორმაციას სერბული გამოცემა „სპორტსკი ჟურნალი“ ავრცელებს:
„მორიგი ბომბი – „რადნიჩკიმ“ უარი თქვა ნიგერიელ უჯაზე, მაგრამ ქართველი გიორგი პაპუნაშვილი აიყვანა“.
„გიორგი პაპუნაშვილი დაიბადა 1994 წლის 2 სექტემბერს, მან კარიერა თბილისის „დინამოში“ დაიწყო, 2015/16 სეზონში „ვერდერ-2-ში“ იჯარით 20 მატჩი ჩაატარა, შემდეგ კი – 2017 წელს – კონტრაქტი გააფორმა „სარაგოსასთან“, სადაც 53 მატჩში 9 გოლი გაიტანა.
ბოლო ორი სეზონი მან „სანტანდერში“, ლიმასოლის „აპოლონსა“ და ქუთაისის „ტორპედოში“ გაატარა. პაპუნაშვილმა საქართველოს ნაკრებში 17 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ორი ყვითელი ბარათი მიიღო. მისთვის ბუნებრივი მარჯვენა ნახევარმცველის, მარჯვენა გარემარბის და ასევე ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციებია. პაპუნაშვილი „რადნიჩკიში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით მოდის.
საქართველოს ნაკრების წევრი თბილისიდან სერბეთის მიმართულებით გაფრინდება, ბელგრადის აეროპორტში უნდა ჩამოვიდეს და იქიდან პირდაპირ ნიშში წავიდეს, სადაც ჩამოსვლისთანავე ორწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. არ არის გამორიცხული, პარასკევს დებიუტიც კი ჰქონდეს „ნოვი პაზართან“, თუ ნიში მის რეგისტრაციას მოახერხებს“, – წერია სერბული გამოცემის გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ გიორგი პაპუნაშვილამდე „რადნიჩკიში“ „თელავის“ კაპიტანი ანტონ თოლორდავა გადავიდა, ხოლო ბათუმის „დინამოს“ და საქართველოს ნაკრების მცველი ირაკლი აზაროვი ბელგრადის „ცრვენა ზვეზდაში“ ითამაშებს.