პანდევი იტალიაში სეზონის დასრულებას ემხრობა - ახლა ხალხს ფეხბურთი გააღიზიანებს
პანდევი იტალიაში სეზონის დასრულებას ემხრობა - ახლა ხალხს ფეხბურთი გააღიზიანებს

კორონავირუსის გამო, იტალიაში ჩემპიონატი თითქმის ორი თვეა რაც შეწყვეტილია. ვარჯიშები ოთხ მაისს უნდა განახლდეს. თუმცა, „ჯენოას“ და მაკედონიის ნაკრების (ერთა ლიგის ახალი გათამაშების C2 ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეა) ლიდერმა გორან პანდევმა „არენა სპორტთან“ განაცხადა, რომ სეზონის შეწყვეტა აჯობებს.

„ახლა იტალიაში ოდნავ უკეთესი ვითარებაა, შეზღუდვები მალე მოიხსნება და ვიმედოვნებთ, რომ ნელ-ნელა საფეხბურთო ცხოვრება ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდება. მზადების განახლება 4 მაისიდან იგეგმება, ჯერ მცირე ჯგუფებად ვივარჯიშებთ, ხოლო 18 მაისიდან სრულყოფილ ვარჯიშს დავიწყებთ. თუმცა კიდევ არაა ცნობილი თარიღი, სეზონს როდის დავიწყებთ. ყველაფერი მთავრობის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ჩემი აზრით, ჩემპიონატი უნდა შეჩერდეს, რადგან უამრავი პრობლემა იყო, უამრავი ინფიცირებული და გარდაცვლილია და უამრავ ადამიანს ახლა ფეხბურთი უბრალოდ გააღიზიანებს. თუ ჩვენ დავიწყებთ თამაშს, ეს იქნება უმაყურებლო ფეხბურთი, რაც ის არაა, რაც ჩვენ გვიყვარს.“ – ამბობს პანდევი.

მან კომენტარი „ჯენოასთან“ დაკავშირებითაც გააკეთა, სადაც ბოლო სეზონში გატანილი შვიდი გოლით გუნდის ბომბარდირია. პანდევის თქმით, მისი გეგმაა, კიდევ ერთი სეზონი ჩაატაროს, შემდეგ კი კარიერის დასრულებაზე იფიქრებს.