„პანაიტოლიკოსი“ შენგელიაზე ინფორმაციას ავრცელებს - ის ყველაზე უარესს გადაურჩა #1TVSPORT
ლევან შენგელიას, რომელიც საქართველო-საბერძნეთის შეხვედრისას დაშავდა, კოჭის დაჭიმვა დაუდგინდა, მაგრამ ტრავმა სერიოზული არ აღმოაჩნდა, – ინფორმაციას საბერძნეთის სუპერლიგის „პანაიტოლიკოსი“ ავრცელებს, რომელშიც ქართველი ფეხბურთელი თამაშობს.
ლევან შენგელიამ ევრო 2024-ის პლეი ოფში საქართველოსა და საბერძნეთის მატჩის 86-ე წუთზე მოედანი იძულებით დატოვა. ყველას ეგონა, რომ რაღაც სერიოზული დაემართა, რადგან ბერძენმა ფეხბურთელმა ფეხი მოარტყა და ძლიერი ტკივილი ეტყობოდა, მოედანი კი საკაცით დაატოვებინეს.
„საბედნიეროდ, ყველაზე ცუდი არ მოხდა. „პანაიტოლიკოსის“ 29 წლის ნახევარმცველს ტესტები ჩაუტარდა, რამაც აჩვენა, რომ ის ყველაზე უარესს გადაურჩა, მას მხოლოდ რამდენიმე კვირა გაუცდება“, – წერია ბერძნული კლუბის მიერ გავრცელებულ ცნობაში.
„შენგელიას გადაუღეს რენტგენი, მისი მდგომარეობა მძიმე არ არის და მცირე პრობლემაა“, – ეს უკვე საქართველოს ნაკრების ექიმმა, დავით ხარაბაძემ LaGazzetta.ge-სთან განაცხადა და მისი თქმით, გამოსაჯანმრთელებლად 4-6 კვირა დასჭირდება.
მთავარია, შეძლებს თუ არა შენგელია ევროპის ჩემპინატამდე ფორმაში შესვლას, რომლის დაწყებამდეც მცირე დროა დარჩენილი.