პაატა მანჯგალაძე - ალეკო ელისაშვილისა და სხვების მოწოდებებს ვერ მივიღებთ, პარლამენტში არშესვლა ემსახურება, რომ სისტემურად და პრინციპულად გადაწყდეს საკითხები
პაატა მანჯგალაძე - ალეკო ელისაშვილისა და სხვების მოწოდებებს ვერ მივიღებთ, პარლამენტში არშესვლა ემსახურება, რომ სისტემურად და პრინციპულად გადაწყდეს საკითხები

ალეკო ელისაშვილისა და სხვების მოწოდებებს ვერ მივიღებთ, პარლამენტში არშესვლა ემსახურება, რომ სისტემურად და პრინციპულად გადაწყდეს საკითხები, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელმა, პაატა მანჯგალაძემ.

„რაც შეეხება მოწოდებებს, ალეკო ელისაშვილის და ნებისმიერის, ვინც უნდა იყოს, ამას ვერ მივიღებთ, რადგან ჩვენი არშესვლა პარლამენტში ემსახურება არა იმას, რომ საბოტაჟი მოაწყოს ვინმემ და ქვეყანას პრობლემები შეექმნას, ჩვენ გვინდა, რომ სისტემურად და პრინციპულად გადაწყდეს ის საკითხები, რამაც ამ კრიზისამდე მოგვიყვანა. ჩვენ არ გვინდა ერთჯერადი გადაწყვეტილებები. რურუა გამოვა, მერე მელია გამოვა და ხვალ რომ აიყვანონ ისევ პოლიტიკური მოტივით ადამიანები? ჩვენ გვინდა, რომ შევქმნათ მყარი გარანტია, მყარი სისტემა, რომ გამოირიცხოს მომავალში მსგავსი ქმედებები. სხვა შემთხვევაში, აზრი არ ექნება – გამოუშვებენ იმას, სხვას დააკავებენ. სისტემურად უნდა მოხდეს განახლება. „სტრატეგია აღმაშენებელი“ ემხრობა და შარლ მიშელის ხუთპუნქტიანი დოკუმენტი ითვალისწინებდა ყველა იმ მუხლს, რომელიც ემსახურებოდა პრობლემების მოგვარებას“, – აღნიშნა მანჯგალაძემ.

ამასთან, შეკითხვაზე, ევროპარლამენტარების წერილის შემდეგ, სადაც საუბარია, რომ საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობები სასწორზე დევს, მოაწერს თუ არა „სტრატეგია აღმაშენებელი“ ხელს დოკუმენტს, მანჯგალაძემ აღნიშნა: „არაფერი არ იცვლება, ალეკო ელისაშვილმაც უნდა იცოდეს, მისი შესვლით პარლამენტში, არაფერი არ შეცვლილა, გარდა იმისა, რომ თბილ სკამში ზის. სისტემურად თუ არ მოხდა განახლება და იმ პრობლემების გადაწყვეტა, რამაც პოლიტიკურ კრიზისთან მიგვიყვანა, რაც პირდაპირ უშვებს მმართველობის არასწორი ფორმიდან გამომდინარე ერთპარტიული ავტოკრატიის შესაძლებლობას, თუ ეს არ შევცვალეთ, არაფერი არ შეიცვლება. ჩვენ ერთი ადამიანის გამოშვებაზე ან პარლამენტის მანდატის აღებისთვის ხომ არ ვიყავით მოლაპარაკების პროცესში, ჩვენ გვინდოდა სისტემური განახლება. „ქართული ოცნება“ თუ არ მოდის სისტემურ განახლებაზე, რა უნდა დავთმო? სამართლიანი არჩევნები დავთმო? სამართლიანი სასამართლო? ხელს ვერ მოვაწერთ ისეთ დოკუმენტს, რომელიც გრძელვადიანად პოლიტიკური კრიზისის მოგვარების გარანტიას არ იძლევა“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

მანჯგალაძე ამბობს, რომ ქვეყანას სჭირდება მმართველობითი ფორმის ცვლილება, რის გარანტიასაც იძლევა ვადამდელი არჩევნები.

„მე რომ ვიყო ხელისუფლება, მეტი პასუხისმგებლობა მექნებოდა შექმნილ კრიზისზე, ვიდრე ოპოზიციას. ქვეყანაში რაც ხდება, კარგიც და ცუდიც, ხელისუფლება არის პირველ რიგში პასუხისმგებელი, მერე ოპოზიცია. ჩვენ გვაქვს პირობა, არა წითელი ხაზი, არამედ პირობა, იმისთვის, რომ მომავალი პოლიტიკური კრიზისი განვმუხტოთ და მომავალი კრიზისები ავიცილოთ თავიდან, ერთჯერადი ქმედებებით ამას ვერ მოვახერხებთ, გვჭირდება მმართველობითი ფორმის ცვლილება, რის გარანტიასაც იძლევა ვადამდელი არჩევნები, სხვა არაფერი არ იძლევა ამის გარანტიას. ოღონდ ცალსახად კი არ დავნიშნოთ არჩევნები, კომპრომისიც ეგ არის, არამედ თქვენც გადმოდგით ნაბიჯი-თქო, ჩვენც გადმოვდგამთ ნაბიჯს და ხალხის შემოყვანით გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ხალხმა გადაწყვიტოს, იყოს ვადამდელი არჩევნები თუ არა. ამის საწინააღმდეგო რომელიმე ჭკუათმყოფელ ადამიანს რა შეიძლება, რომ ჰქონდეს.

საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარება ემსახურება რუსეთის ინტერესებს, კობახიძე და თალაკვაძე ემსახურებიან საქართველოს ინტერესს? რომლებიც ზარ-ზეიმს უმართავს რუს პროპაგანდისტს, რომელიც პირდაპირ ჰიბრიდული ომის მდგომარეობაშია საქართველოსთან. პარალელურ რეალობაში ხომ არ ვცხოვრობთ, მტერს დავარქვათ მტერი, მოყვარეს დავარქვათ მოყვარე, სიმხდალეს დავარქვათ სიმხდალე, პოლიტიკურ კრიზისს უნდა დავარქვათ პოლიტიკური კრიზისი“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა დღეს პარტიებს მიმართა, საჯაროდ, ინდივიდუალურად დააფიქსირონ, მზად არიან თუ არა, ხელი მოაწერონ დანიელსონის დოკუმენტს. ელისაშვილი გამოეხმაურა რამდენიმე ევროპარლამენტარის განცხადებას, რომელშიც ისინი საქართველოში პარტიების შეუთანხმებლობის გამო იმედგაცრუებას გამოთქვამენ და ფინანსური დახმარების შეჩერებას არ გამორიცხავენ.