პაატა ღუდუშაურის ადვოკატი - გამარჯვებაა, რომ მას სამუდამო დისკვალიფიკაცია მოუხსნეს და ახალი სეზონიდან ითამაშებს
პაატა ღუდუშაურის ადვოკატი - გამარჯვებაა, რომ მას სამუდამო დისკვალიფიკაცია მოუხსნეს და ახალი სეზონიდან ითამაშებს

პაატა ღუდუშაურის ადვოკატი, ნიკა სადრაძე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის მიერ 18 მარტის საგანგებო ფეისბუქკონფერენციაზე გაკეთებულ განაცხადებას გამოეხმაურა.

„საქმის მასალებით და სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით ცალსახად დადასტურებულია, რომ პაატა ღუდუშაური იყო ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი. ეს მტკიცებულებები გახდა საფუძველი იმისა, რომ პაატას მიმართ გამოიყენეს განრიდება, ანუ სისხლის სამართლებრივი დევნისგან განრიდება დანაშაულის ჩადენაში მისი ფუნქციის და როლის გათვალისწინებით – არ იყო ორგანიზატორი, არ მიუღია ფულადი სარგებელი და იყო ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლი. ყველაზე დიდი ღირებულება ადამიანი და სამართლიანობაა. გამარჯვებაა, რომ პაატას სამუდამო დისკვალიფიკაცია მოუხსნეს და ახალი სეზონიდან ითამაშებს“ – ამბობს ნიკა სადრაძე.

შეგახსენებთ, რომ „ვიტ ჯორჯიას“ ყოფილი ფეხბურთელი, 22 წლის თავდამსხმელი პაატა ღუდუშაური 2019 წლის მაისში გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებული ცნობილი სკანდალის შედეგად, კიდევ ოთხ პირთან ერთად დააკავეს. თუმცა, შემდეგ ღუდუშაური გაათავისუფლეს.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა: „საფეხბურთო ტრიბუნალმა ღუდუშაურთან დაკავშირებული გარემოებები გაითვალისწინა და შეცვალა გადაწყვეტილება, რაც ჩემთვის მიუღებელი და მტკივნეულია. იყო ლაპარაკი, რომ პაატა ღუდუშაურთან მიმართებაში პროკურატურმა მიიღო გამამართლებელი გადაწყვეტილება და მას არანაირი ბრალი არ მიუძღვოდა. ეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა. უნდა დავაზუსტო, რომ განრიდება არ არის გამართლება, ეს არის აღიარება. პაატამ აღიარა ის ბრალი, რაც წაუყენეს“.