პაატა ღუდუშაურს დისკვალიფიკაცია გაუვიდა და ფეხბურთში დაბრუნდა. 23 წლის თავდამსხმელი რამდენიმე თვეა გორის „დილაში“ ვარჯიშობს, ახალი სეზონიდან გუნდის სრულფასოვანი წევრი გახდა. მან კლუბთან ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა, – ინფორმაციას „დილას“ ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
„დილამდე“ ახალგაზრდა მოთამაშე თბილისის „ვიტ-ჯორჯიას“ რიგებში ასპარეზობდა. 2019 მაისში ღუდუშაური და „ვიტ ჯორჯიას“ კიდევ ოთხი ფეხბურთელი მატჩების ჩაწყობის ბრალდებით დააკავეს და სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცეს. თუმცა, საქმეზე საფეხბურთო დავების სპორტულმა ტრიბუნალმა სასჯელი ერთწლიანი აკრძალვით შეეცვალა და 2020 წლის დეკემბრიდან ღუდუშაურმა ფეხბურთში დაბრუნების უფლება მოიპოვა, მაგრამ, 2021 წლის სეზონის ბოლომდე პირობითი გამოსაცდელი ვადა დაენიშნა. პაატა ღუდუშაურის საქმეზე პროკურატურამ განრიდება მოახდინა და ათი ბრალდებულიდან სისხლის სამართლებრივი დევნა მხოლოდ მის მიმართ შეწყდა.
ღუდუშაურს ამ პერიოდში ვარჯიში არ შეუწყვეტია. სპორტულ ცენტრ „ფეოლაში“ გიორგი დევდარიანი და თემურ ფოცხვერია ავარჯიშებდნენ, მერე კი „დილაში“ გიორგი ნემსაძემ მიიწვია.
პაატა ღუდუშაურმა ტრანსფერის გაოფიციალურების შემდეგ კომენტარი „დილას“ ოფიციალურ ვებგვერდთან გააკეთა.
„უკვე დიდი ხანია, გორის ,,დილაში“ ვვარჯიშობ, ფეხბურთელებმა თავიდანვე ძალიან თბილად მიმიღეს, რამაც დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ საკუთარი შესაძლებლობები ვარჯიშის პროცესში მაქსიმალურად გამომევლინა. ასევე უნდა აღვნიშნო სამწვრთნელო შტაბის ფაქტორი და ხელმძღვანელობის დამოკიდებულება, მათი ნდობა ჩემ მიმართ, რაც ძალიან მეხმარებოდა და დიდ სტიმულს მაძლევდა. ყოველდღიურად ვვარჯიშობ და ვცდილობ მაქსიმუმი გავაკეთო. რაც შეეხება ფორმას, დიდი ხანია არ მითამაშია ოფიციალური თამაშები და რთულია ისევ ძველ ფორმაში ვიყო, მაგრამ წინ მაქვს დიდი დრო და შევეცდები ვიყო საუკეთესო კონდიციებში“.