ოთო ნემსაძის საკონკურსო ვიდეორგოლის პრეზენტაცია 8 აპრილს „კავეა გალერიაში“ გაიმართება

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ქართველი მონაწილის, ოთო ნემსაძის საკონკურსო ვიდეორგოლის პრეზენტაცია ორშაბათს, 8 აპრილს, „გალერია თბილისში“, კონოთეატრ „კავეაში“ გაიმართება.

ვიდეორგოლის გადაღებები რამდენიმე კვირის განმავლობაში მალთაყვაში, ენგურის ხიდსა და თბილისის ზღვაზე მიმდინარეობდა. კლიპზე რეჟისორმა გიორგი ებრალიძემ იმუშავა.

„მავთულხლართების დანახვა არ არის მარტივი. დარწმუნებული ვარ, რომ ვიდეორგოლი თითოეული ქართველის გულამდე მივა. არ არსებობს საქართველოში გაყოფილი კუთხეები და არ არსებობს მავთულები. ეს ე.წ. საზღვრები ძალიან მალე დაინგრევა და ჩვენ ყველანი ერთად ვიმღერებთ. ვფიქრობ, რომ აღნიშნულ ვიდეორგოლში ზუსტად ჩანს სათქმელი, რომელიც გვინდა, რომ ევროპას ვუთხრათ“, – აღნიშნა ოთო ნემსაძემ.

საკონკურსო ვიდეორგოლი მასშტაბური იქნება. ოთო ნემსაძესთან ერთად მასში მონაწილეობენ ანსამბლ „შავნაბადას“ წევრები და სპეციალურად კლიპისთვის შერჩეული 50-ზე მეტი ტიპაჟი.

სიმღერა „სულ წინ იარეს“ ვიდეორგოლი ორშაბათსვე იქნება ხელმისაწვდომი ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ოფიციალურ „იუთუბის“ არხსა და მას საქართველოს პირველი არხის მაყურებელი ეთერში იხილავს.