ოთო ნემსაძე - გვეძლევა შანსი, მსოფლიომდე კიდევ ერთხელ მივიტანოთ ჩვენი დაკარგული ტერიტორიების სატკივარი
ოთო ნემსაძე - გვეძლევა შანსი, მსოფლიომდე კიდევ ერთხელ მივიტანოთ ჩვენი დაკარგული ტერიტორიების სატკივარი

ისრაელში საქართველოს საელჩო ევროვიზიის ქართველ მონაწილესთან, ოთო ნემსაძესთან შეხვედრის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რომელშიც აღნიშნულია, რომ ის მსოფლიოს საქართველოს მთავარ სატკივარზე უმღერებს.

„ევროვიზიის“ პირველ აკორდამდე კიდევ ერთი კვირა დარჩა. ისრაელში საქართველოს საელჩომ და ოთო ნემსაძის მხარდამჭერთა კლუბმა „ევროვიზია 2019“-ის ქართველ მონაწილეს 6 მაისს კიდევ ერთი ხმაურიანი და გულითადი შეხვედრა მოუწყო, ამჯერად, საქართველოსა და ისრაელისთვის ერთნაირად პოპულარული მომღერლის მორის ჯანაშვილის კუთვნილ, პრესტიჟულ რესტორან „კინტოში“. მაშინ, როდესაც ოთოს მხარდამჭერები მასთან შესახვედრად ნელ-ნელა იკრიბებოდნენ, მას თელ-ავივის მუნიციპალიტეტში თავად ქალაქის მერი მასპინძლობდა, „კინტოში“ კი, ამასობაში, ქართველი და ქართველი ებრაელი მხარდამჭერების გარდა, რამდენიმე უცხოელი ჟურნალისტიც გამოჩნდა, რომლებმაც ერთხმად განაცხადეს, რომ „სულ წინ იარეს“ მოსმენის შემდეგ, საქართველოსი და ოთო ნემსაძის ნამდვილ „ფანებად“ იქცნენ.

ოთო ნემსაძესთან შეხვედრა გახსნილად საქართველოს ელჩმა ბატონმა პაატა კალანდაძემ გამოაცხადა. მას გულითადად მიესალმა ისრაელის სამხრეთ რეგიონში საქართველოს საპატიო კონსული მენი ბენიში და „ევროვიზიის“ კონკურსში გამარჯვება უსურვა. ამას ანსამბლ „შავნაბადას“ არაჩვეულებრივად შესრულებული „მრავალჟამიერი“ მოჰყვა“, – აღნიშნულია ისრაელში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ოთო ნემსაძემ აღნიშნა, რომ გვეძლევა შანსი, მსოფლიოს ყურამდე კიდევ ერთხელ მივიტანოთ ჩვენი მოუშუშებელი ტკივილი, ჩვენი დაკარგული ტერიტორიების სატკივარი.

„სიმღერას, რომელსაც მე ევროვიზიაზე ვმღერი, ყველა ქართველისათვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რადგან დღეს გვეძლევა შანსი, მსოფლიოს ყურამდე კიდევ ერთხელ და კიდევ მრავალჯერ მივიტანოთ ჩვენი მოუშუშებელი ტკივილი, ჩვენი დაკარგული ტერიტორიების სატკივარი და განცდა. ეს ამჯერად, სიმღერით უნდა მოვახერხო. ამაზე დიდი პატივი არ არსებობს და მე ამისთვის მთელ ჩემ ძალას მოვიკრებ, თავს არ დავზოგავ“, – ამ სიტყვებით მიმართა ოთო ნემსაძემ თავის გულშემატკივრებს.

ისრაელში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ოთო ნემსაძემ შეკრებილებს უმღერა და ისინიც აამღერა. საღამო საქართველოს ჰიმნით დასრულდა.

დატოვე კომენტარი