ოთხი ტური ისტორიულ შედეგამდე - ბათუმის „დინამომ“ „საბურთალო“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
ეროვნული ლიგის 32-ე ტურის ბოლო შეხვედრას ბათუმმა უმასპინძლა – გათამაშების ლიდერმა „ბათუმმა“ მესამე ადგილისთვის მებრძოლი „საბურთალო“ მიიღო და ოქროს მედლებს კიდევ უფრო მიუახლოვდა.
ფეხბურთის ფედერაციამ ქართველი არბიტრებისადმი გაზრდილი პრეტენზიების შემდეგ, ბოლო დროს მსაჯების უცხოეთიდან ჩამოყვანა გადაწყვიტა და ამ შეხვედრასაც უკრაინელ ბრიგადა ემსახურებოდა. მთავარი არბიტრი სერგეი ბოიკო იყო, რომელმაც ფიფა-ს არბიტრის სტატუსი 2011 წლის იანვარში მიიღო.
ბათუმელებმა ანგარიში პენალტით გახსნეს. მე-13 წუთზე სტუმართა კარი ლადო მამუჩაშვილმა აიღეო. 39-ე წუთზე კი მამუჩაშვილის გადაცემით „საბურთალოს“ მისმა კიდევ ერთმა აღზრდილმა, მამუკა კობახიძემ გაუტანა.
მეორე ტაიმში ეს კომბინაცია განმეორდა – ისევ მამუჩაშვილის პასი ფლანგიდან, კობახიძემ ცენტრალურ მცველებს ისევ დაასწრო, დუბლი შეასრულა და „დინამოს“ უპირატესობა სამამდე გაზარდა. 86-ე წუთზე კი მეოთხედ „საბურთალოს“ თორნიკე გაფრინდაშვილმა გაუტანა.
საბოლოოდ, ბათუმის „დინამომ“ 4:0 მოიგო, 32 ტურში 67 ქულა დააგროვა და „დინამო თბილისთან“ (63) სხვაობა ისევ გაზარდა. „საბურთალომ“ (50 ქულა) ბოლო სამი მატჩის ვერმოგებით „ლოკომოტივს“ (50) დაწევის საშუალება მისცა, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კი გორის „დილას“ (56) უკვე საგრძნობლად ჩამორჩა.