ოთხი ქართული გოლი ყაზახეთში - ბექა ქავთარაძე ბოლო ტურებში შეუჩერებელია #1TVSPORT
ყაზახეთის პრემიერლიგის შეხვედრა აქტაუს „კასპიისა“ და ყარაღანდის „შახტიორს“ შორის 1:1 დასრულდა, ორივე გოლი ქართველებმა გაიტანეს.
მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ გიორგი ფანცულაია იყო, ჯაბა ჯიღაურს არ უთამაშია, „შახტიორის“ თერთმეტეულში კი ანტონ თოლორდავამ და თემურ ჩოგაძემ ითამაშეს. 55-ე წუთზე ანგარიში ჩოგაძემ გახსნა, მაგრამ „კასპიიმ“ წონასწორობა 72-ე წუთზე აღადგინა, გოლი ფანცულაიამ პენალტით გაიტანა. გიორგი 87-ე წუთზე შეცვალეს.
ამავე ტურში მათე ცინცაძისა და რატი არდაზიშვილის „ჟეტისუ“ „აკსუს“ ესტუმრა და 1:2 დამარცხდა. ორივე ქართველმა ფეხბურთელმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა.
ყაზახეთის პირველ ლიგაში „იელიმაის“ 23 წლის თავდამსხმელმა, ბექა ქავთარაძემ შესანიშნავი თამაში ჩაატარა „ეკიბასტუზთან“. ქართველის გუნდმა 7:0 მოიგო, ქავთარაძემ კი დუბლი შეასრულა – 35-ე წუთზე პენალტით გაიტანა, 90+2-ე წუთზე კი საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ქავთარაძემ მიმდინარე ჩემპიონატის ბოლო ხუთ მატჩში უკვე ექვსი გოლი გაიტანა, „ელიმაი“ კი რვა ტურის შემდეგ შვიდი მოგებითა და ერთი ფრით (22 ქულა) გათამაშების ლიდერია.