ოთხი ქართული გოლი პოლონეთში - კაკაბაძემ „კრაკოვია“ გაიყვანა, ზარანდია გუნდს პენალტით დაეხმარა #1TVSPORT
პოლონეთის თასის 1/32 ფინალური მატჩები გაიმართა, სადაც ოთხი ქართული გოლი გავიდა.
ელოვას „სტარტთან“ გასვლაზე ლუბინის „ზაგლებიემ“ 0:4 მოიგო. სტუმართა შორის მხოლოდ თორნიკე გაფრინდაშვილმა ითამაშა – ბათუმის „დინამოს“ ყოფილი მოთამაშე მოედანზე 71-ე წუთზე გამოჩნდა, გურამ გიორბელიძე კი განაცხადში არ იყო.
ჟეშუვის „სტალთან“ ასევე შეცვლაზე ითამაშა კელჩეს „კორონაში“ ლუკა ზარანდიამ (61-ე). გამარჯვებული ძირითად და დამატებით დროში ვერ გამოვლინდა (3:3) და დაინიშნა პენალტების სერია, რომელიც ქართველის გუნდმა უკეთ შეასრულა – 7:6. ლუკამ მე-5 დარტყმა შეასრულა და გაიტანა.
თამაშიდან გაიტანა ოთარ კაკაბაძემ, რომლის „კრაკოვიაც“ დაბალიგელ „ლაგოვს“ ესტუმრა და ძირითად დროში 1:3 სძლია. საქართველოს ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა და 34-ე წუთზე ანგარიში გახსნა.
გიორგი მერებაშვილმა კი „სანდეციას“ გასვლაზე პოლკოვიცეს „გურნიკთან“ მოაგებინა 1:3 და მატჩის გმირი გახდა. ქართველმა შემტევმა 105-ე და 114-ე წუთზე გაიტანა და გუნდი 1/16 ფინალში გაიყვანა. აღსანიშნავია, რომ გიორგიმ მეორე გოლი დააახლოებით 60 მეტრიდან გაიტანა – წინ გამოსული მეკარე დაინახა და ზუსტად დაურტყა.