საქართველოს ნაკრებს გიბრალტართან ევრო2020-ის შესარჩევი ციკლის მეშვიდე ტურში ოთხი ფეხბურთელი ვერ დაეხმარება. ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი თორნიკე ოქრიაშვილი 12 ოქტომბერს, „დინამო-არენაზე“ ირლანდიასთან შეხვედრაში დაშავდა და გუნდს გამოაკლდა. გამგზავრებამდე ბოლო ვარჯიში გუნდმა თბილისში, საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ ბაზაზე გამართა, სადაც საბა ლობჟანიძეც დაშავდა. ირლანდიასთან შეხვედრა ვაკო გვილიამაც გამოტოვა, რომელიც ასევე ტრავმირებულია და გუნდს ისიც ვერ დაეხმარება. ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია ჯანმრთელადაა, მაგრამ გიბრალტარში გამგზავრება ოჯახური მდგომარეობის გამო ვერ მოახერხა.
იყო საფრთხე, რომ შემდეგ შეხვედრას ოთარ კიტეიშვილიც გამოტოვებდა, რომელმაც ირლანდიასთან შეხვედრისას მოედანი დაზიანების გამო დატოვა, მაგრამ მისი ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და გრაცის „შტურმის“ ქართველი ლიდერი გიბრალტართან მატჩისთვის ემზადება.
საქართველოს ნაკრები 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის D ჯგუფის შეხვედრას გიბრალტართან 15 ოქტომბერს გასვლაზე ჩაატარებს. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 15 ოქტომბერს, 22:45 საათიდან შემოგთავაზებთ.