ოთხი ბურთის სხვაობითაც რომ წაგვეგო, ქუთაისში მაინც მოვიგებდით - ახვლედიანს „ტორპედოს“ მომავლის სჯერა #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოსა“ და მარტვილის „მერანის“ პლეიოფში გადამწყვეტი გოლის ავტორმა, თორნიკე ახვლედიანმა ემოციურად ისაუბრა დაპირისპირებაზე, რომლის მოგების შემდეგ, ქუთაისელებმა ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნეს.
„ემოციებისგან მთლიანად დაცლილები ვართ. ეს დაიწყო 8 დეკემბერს, როდესაც მარტვილში 0:2 წავაგეთ. სამი დღე ამ თამაშზე ვფიქრობდით.
ორბურთიანი უპირატესობა კი არა, სამი და ოთხბურთიანი სხვაობითაც რომ წაგვეგო, ჩვენთვის არაფერს ნიშნავდა, რადგან ეს ქუთაისია, ამ ქალაქის სტადიონზე კი ყველაფერია შესაძლებელი. ჩვენ მაქსიმალურად მოვინდომეთ. გულშემატკივარიც მაქსიმალურად გვერდით დაგვიდგა. ეს ქალაქი იმსახურებს ეროვნულ ლიგაში ადგილს. ვპირდები გულშემატკივარს, რომ მომავალ წელს „ტორპედო“ სამეულისთვის და ევროთასებისთვის ვიბრძოლებთ“.