მაკედონიური გამოცემა „ეკიპა“ ამტკიცებს, რომ ჩრდილოეთ მაკედონიას ოთხი მოთამაშე ვერ დაეხმარება ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრაში, რომელსაც სამშაბათს, 8 სექტემბერს „დინამო-არენაზე“ საქართველოსთან გამართავს.
„ჩრდილოეთ მაკედონიას საკადრო პრობლემები სომხებთან მატჩამდეც შეექმნა. „რაიო ვალეკანოს“ მეკარე სტოლე დიმიტრიევსკი და „კაისერისფორის“ შემტევი ნახევარმცველი დანიელ ავრამოვსკი სომხეთთან მატჩის განაცხადში იყვნენ, მაგრამ სიიდან ტრავმების გამო ამოვარდნენ. ახლა კიდევ ორი მოთამაშე დაშავდა. თავდამსხმელ ივან ტრიჩკოვსკის მარცხენა ფეხზე დიდი ჰემატომა აქვს, ხოლო მცველ კირა რისტევსკის მარჯვენა ბარძაყის კუნთი დაეჭიმა. ისინი საქართველოს ნაკრებთან ვეღარ ითამაშებენ და გუნდთან ერთად თბილისში არ გაემგზავრებიან,“ – წერს გამოცემა.
საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის ერთა ლიგის C2 ჯგუფის მე-2 ტურის მატჩი სამშაბათს, 20:00 საათზე, თბილისის „დინამო-არენაზე“ გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.