ოთხ წელიწადში მესამედ - „მანჩესტერ სიტი“ ინგლისის ჩემპიონია [ვიდეო] #1TVSPORT
ოთხ წელიწადში მესამედ - „მანჩესტერ სიტი“ ინგლისის ჩემპიონია [ვიდეო] #1TVSPORT

ინგლისის პრემიერლიგაში 11 მაისს ორი მატჩი იმართებოდა. პირველში „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ლესტერს“ მასპინძლობდა, მეორეში „საუთჰემპტონი“ – „კრისტალ პალასს“. გულშემატკივრების დიდ ინტერესს „იუნაიტედის“ თამაში იპყრობდა, რადგან სწორედ ეს გუნდი ეცილებოდა „მანჩესტერ სიტის“ ჩემპიონობას.

„ლესტერთან“ მატჩამდე „მანიუს“ 70 ქულა ჰქონდა, „სიტის“ – 80. პრემიერლიგის დასრულებამდე გუნდებს 3-3 მატჩი ჰქონდათ დარჩენილი, რაც იმას ნიშნავდა, რომ თუ სოლსკიაერის გუნდი „მელიებთან“ სამ ქულას ვერ მოიპოვებდა, ჩემპიონი „სიტი“ გახდებოდა.

პირველ ტაიმში გუნდებმა გოლები გაცვალეს, მეორეში კი ლესტერელმა სოინუკუმ სტუმრები 2:1 დააწინაურა, რის შემდეგაც ანგარიში აღარ შეცვლილა – „ლესტერმა“ მოიგო, ხოლო ინგლისის 2021 წლის ჩემპიონი „მანჩესტერ სიტი“ გახდა.

გვარდიოლას გუნდმა ბოლო ოთხ წელიწადში მესამედ მოიგო პრემიერლიგა.