ლეგენდარული კალათბურთელისა და მწვრთნელის, ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი „ქუთაისმა“ მოიგო. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა დღეს, ოლიმპიურ სასახლეში გამართულ სუპერთასის მატჩში მოქმედი ჩემპიონი „რუსთავი“ დაამარცხა – 92:58, რაც ადეკვატურად გამოხატავს იმ დიდ უპირატესობას, რომელსაც ქუთაისელები ფლობდნენ.
ანატოლი ბოისას გაწვრთნილი რუსთავური გუნდი გვარიანად გადახალისებულია, 4 ახალი ლეგიონერი ჰყავს და შეთამაშება სჭირდება. ქვემოქართლელებმა პირველი პერიოდი თუ 13 ქულით დათმეს, მეორეში ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. ათწუთეული „ქუთაისმა“ 29:4 მოიგო, დიდ შესვენებაზე 38-ქულიანი უპირატესობით (54:16) გავიდა და რომ იტყვიან, გამარჯვება ნაადრევად გაინაღდა.
საბოლოოდ ქუთაისელები გამარჯვებამდე იოლად მივიდნენ და მიმდინარე სეზონის პირველი ტიტული – საქართველოს სუპერთასი მოიგეს.
აღსანიშნავია, რომ ტუღუშის გაწვრთნილი გუნდი სეზონის პირველ ტიტულთან ერთი კვირის წინ იყო ახლოს, თუმცა დუდუ დადიანის მემორიალის ფინალში „ტიტებთან“ დამარცხდა.
სუპერთასზე ქუთაისელთაგან ვინმეს გამორჩევა უადგილო იქნება. იმერული კლუბის წევრებმა გუნდურად და შედეგიანად ითამაშეს. ბომბარდირი 17 ქულით ლუკ მეიერი გახდა. 15 ქულა ადრიან ბოუიმ მიითვალა, საერთო სარგებლიანობის კოეფიციენტით (19) კი ბოუის გიორგი კორსანტია გაუთანაბრდა, რომელმაც 9 ქულა, 9 მოხსნა და 6 დაფარება მიითვალა. 12 ქულა და 5 მოხსნა ჰქონდა აკაკი დვალიშვილს. რუსთაველთაგან 18 ქულით, 9 მოხსნითა და 6 პასით საუკეთესო იყო კრისტიან კილინგი. 8-8 ქულა ვახტანგ გაფრინდაშვილმა, ელსტონ ჯონმა და ისმაელ ჰოლისმა მიითვალეს.
მატჩის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი. ქუთაისელთა კაპიტანს, გიორგი ბარბაქაძეს საქართველოს სუპერთასი ოთარ ქორქიას შვილმა, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატმა და დამსახურებულმა მწვრთნელმა, ნოდარ ქორქიამ გადასცა.