ოთარ კიტეიშვილმა ისევ გაიტანა - „შტურმმა“ „ალტახი“ ვერ დაამარცხა #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილმა ისევ გაიტანა - „შტურმმა“ „ალტახი“ ვერ დაამარცხა #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილი შესანიშნავ ფორმაშია – საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ავსტრიის ბუნდესლიგაში გოლი ისევ გაიტანა და გრაცის „შტურმს“ „ალტახთან“ ქულის მოპოვებაში დაეხმარა, 1:1.

კიტეიშვილი გრაცელების ძირითად შემადგენლობაში იყო „ალტახთან“ მატჩში, რომელიც „შტურმმა“ გასვლაზე გამართა – საქართველოს ნაკრების 26 წლის ფეხბურთელმა ანგარიში დასაწყისშივე გახსნა. მე-11 წუთზე მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც კიტეიშვილმა გამოიყენა.

მაგრამ „ალტახმა“ ანგარიში სწრაფად გაათანაბრა. მასპინძლების შეტევა მე-15 წუთზე ზუსტი დარტყმით ადტე ნუიუმ დააგვირგვინა. აღსანიშნავია, რომ „შტურმის“ ორი გოლი (ემანუელ ემეგამ და ალბიან აიეტიმ გაიტანეს) ვიდეორეფერიზე გადამოწმების შემდეგ არ ჩათვალეს.

კიტეიშვილი 71-ე წუთზე შეცვალეს, მეორე ნახევარში კი ანგარიში აღარ შეცვლილა. 15 ტურის შემდეგ გრაცის „შტურმმა“ 32 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზეა. პირველ პოზიციაზე ავსტრიული ფეხბურთის ბოლო წლების ლიდერი „ზალცბურგია“, რომელსაც კიტეიშვილის გუნდი 4 ქულით ჩამორჩება.

ოთარ კიტეიშვილი ტრავმის შემდეგ ფორმაში შედის, რაზეც მისი სტატისტიკა მეტყველებს – ბოლო 4 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და გრაცის „შტურმისთვის“ სამივე გადამწყვეტი აღმოჩნდა.