ოთარ კიტეიშვილმა ახალი საფეხბურთო სეზონი საგოლე გადაცემით დაიწყო #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილმა ახალი სეზონი საგოლე გადაცემით დაიწყო და გრაცის „შტურმს“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე შოტლანდიური „ჰართსის“ ანგარიშით 4:0 დამარცხებაში დაეხმარა.
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა მოსამზადებელი შეკრების ნაწილი ტრავმის გამო გამოტოვა და ამიტომ „შტურმის“ შემადგენლობაში თამაშში მხოლოდ შესვენების შემდეგ ჩაერთო, გიზი მამაგეიშვილი კი ამჯერად დაასვენეს. 50-ე წუთზე კიტეიშვილის გადაცემის შემდეგ მიჩელმა ანგარიში 2:0 გახადა. საბოლოოდ, ქართველმა ნახევარმცველმა მაღალი შეფასება, 8.1 ქულა დაიმსახურა.
ამ მოგებით „შტურმმა“ მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური ფაქტობრივად მოიპოვა, თუმცა გამარჯვებულის ვინაობა ოფიციალურად 28 ივლისს, შოტლანდიაში დაგეგმილ საპასუხო შეხვედრაში გაირკვევა. მანამდე, 24 ივლისს, გრაცელები ავსტრიის თასზე სტუმრად „ზეეკირხენს“ დაუპირისპირდებიან.