ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ საკუთარ მოედანზე ვენის „რაპიდს“ დაუზავდა #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმმა“ ავსტრიის ბუნდესლიგაში ვენის „რაპიდთან“ შეხვედრა საკუთარ მოედანზე გამართა და ქულას დასჯერდა – 1:1.
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა მე-12 ტურის დაპირისპირებაში გრაცელები მოედანზე კაპიტნის სამკლაურით გაიყვანა. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. 39-ე წუთზე „რაპიდის“ მალელი ნახევარმცველი მამადუ სანგარე გააძევეს.
„შტურმმა“ რიცხობრივი უპირატესობით მხოლოდ 82-ე წუთზე ისარგებლა. ოთარ კიტეიშვილის წამოწყებული შეტევა თურქმა ნახევარმცველმა, ერენჩან იარდიმჩიმ დააგვირგვინა.
89-ე წუთზე ქართველი ნახევარმცველი შეცვალეს და „რაპიდმა“ მალე წონასწორობა აღადგინა. სტუმრებმა 90-ე წუთზე პენალტი მოიპოვეს, რომელიც ხორვატმა თავდამსხმელმა, დიონ ბელიომ გამოიყენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
გრაცის „შტურმმა“ ამ მატჩის შემდეგ 26 ქულით ავსტრიის ბუნდესლიგის ლიდერობა და „რაპიდთან“ სამქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა.