ოთარ კიტეიშვილი - ყველაფერი კარგად მიდის და ვეცდები, ასე გავაგრძელო [ვიდეო] #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილი - ყველაფერი კარგად მიდის და ვეცდები, ასე გავაგრძელო [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების 26 წლის ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ტრავმის შემდეგ მოედანს შთამბეჭდავად დაუბრუნდა. გრაცის „შტურმმა“ ქართველის გოლით ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო – ჯერ ევროპის ლიგაზე „ფეიენოორდთან“ (1:0), 30 ოქტომბერს კი ავსტრიის ბუნდესლიგაში „რიდთან“ (2:1).

რიდთან“ თამაშის შემდეგ კიტეიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:

„ძალიან გამიხარდა სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნება. პირველი ტაიმი შესანიშნავად ჩავატარეთ. მეორე ნახევარში მეტის გატანაც შეგვეძლო. ჩემს თამაშს რაც შეეხება, ყველაფერი კარგად მიდის, განვაგრძობ მუშაობას და ვეცდები, რომ ტემპი და ფორმა შევინარჩუნო“, – განაცხადა კიტეიშვილმა.

ქართველი ნახევარმცველის შედეგიანი თამაში ავსტრიულმა მედიამაც დააფასა და ოთარი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.

krone.at

ევროპის ლიგაში „ფეიენოორდთან“ გადამწყვეტი შეხვედრის შემდეგ, „ზალცბურგთან“ საჩემპიონო ბრძოლაში ჩართულმა გრაცის „შტურმმა“ ბუნდესლიგაში, „რიდის“ წინააღმდეგ, მძიმე თამაში ჩაატარა. „ფეიენოორდთან“ მატჩის მსგავსად, „რიდთანაც“ გადამწყვეტი გოლი „შტურმის“ კაპიტანმა ოთარ კიტეიშვილმა გაიტანა (71-ე წუთზე). გრაცელებმა წარმატებას კვლავ ქართველის შედეგიანი თამაშით მიაღწიეს.

kurier.at

ოთარ კიტეიშვილმა ისევ გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა – ავსტრიის ბუნდესლიგაში „შტურმმა“ „რიდი“ დაამარცხა. გრაცელები ლიდერ „ზალცბურგს“ ფეხდაფეხ მისდევენ და მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებიან.

kicker.de

„შტურმს“ ისევ ოთარ კიტეიშვილმა მოაგებინა. მან მეკარეს ახლოდან დაურტყა, გამარჯვების გოლი გაიტანა და გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.