ოთარ კიტეიშვილი - წარმატებულმა ახალგაზრდებმა ნაკრებში ჟინი და შემართება შემოიტანეს #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილმა საქართველოს ნაკრების მოახლოებულ შეხვედრებზე და გუნდში არსებულ ვითარებაზე კომენტარი გააკეთა. ამავე დროს გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველმა იმედი გამოთქვა, რომ გუნდი ივნისში დაგეგმილ ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო მატჩებს წარმატებით ჩაატარებს.
„რთული პერიოდის შემდეგ ნაკრებში ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ. ყოველთვის სანაკრებო პაუზის წინ ვიღებდი ტრავმას ან ვასრულებდი სარეაბილიტაციო პერიოდს. ძალიან რთული იყო პირადად ჩემთვის, რადგან ყოველთვის მინდა, გუნდის ნაწილი ვიყო. ეს დამატებით მოტივაციას მიჩენს ნაკრებში ყოფნის დროს. ვცდილობ, მაქსიმალურად კარგად მოვემზადო და განსაკუთრებულ ფორმაში შევხვდე თამაშებს.
როგორც ყოველთვის, გუნდში შესანიშნავი გარემოა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ფეხბურთელისთვის. მიხარია, რომ ყველა მოთამაშე ჯანმრთელია და ოპტიმალური შემადგენლობით ვართ. რა თქმა უნდა, დიდი დრო გვაქვს მოსამზადებლად და ვეცდებით, ეს დრო მაქსიმალურად გამოვიყენოთ.
იმედი მაქვს, მივაღწევთ შედეგს, რომელიც წარმატებულად ჩაითვლება და ამ შეხვედრებში ქულებს მოვიპოვებთ. ზოგადად, ფეხბურთის დონე ამაღლდა და ახალგაზრდა ფეხბურთელებმა, რომლებიც წარმატებით ასპარეზობენ ევროპის ტოპჩემპიონატებში, ეს ჟინი და შემართება ნაკრებშიც შემოიტანეს. ახალგაზრდებისა და გამოცდილი მოთამაშეების შერევამ შედეგი უნდა მოგვიტანოს“, – ამბობს ოთარ კიტეიშვილი.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის 25 ფეხბურთელის შემადგენლობით ემზადება. გუნდი თბილისში 15 ივნისამდე დარჩება, კვიპროსთან მატჩამდე ორი დღით ადრე კი ნაკრები ლარნაკაში გაემგზავრება.
მატჩების განრიგი:
17 ივნისი, 22:45
კვიპროსი – საქართველო
20 ივნისი, 22:45
შოტლანდია – საქართველო
ეროვნული გუნდის ორივე მატჩის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო (FM 102.3).