ოთარ კიტეიშვილი - ვეცდებით, რომ ნიდერლანდებთან ფეხბურთი ვითამაშოთ და დადებითი შედეგი დავაფიქსიროთ #1TVSPORT
ენხსედეში ვარჯიშის შემდეგ ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა რუმინეთთან მოგებაზე და ნიდერლანდელთან 6 ივნისს დანიშნულ მატჩზე კომენტარი გააკეთა.
„ეროვნულ ნაკრებში გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნოა, არ აქვს მნიშვნელობა ეს მატჩი ამხანაგურია თუ ოფიციალური. რუმინეთთან მოპოვებულ გამარჯვებას ძალიან დადებითი ემოციები მოჰყვა. ბოლო წუთამდე დაძაბული შეხვედრა გამოდგა. შესაძლოა ჩვენი საუკეთესო თამაში არ გვიჩვენებია, მაგრამ გამარჯვება მოვახერხეთ და დაშვებული შეცდომები აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ“, – ამბობს ოთარ კიტეიშვილი.
გრაცის „შტურმის“ ქართველმა ლეგიონერმა პატივისცემით ილაპარაკა ნიდერლანდების ნაკრებზე, რომელსაც ჩვენი ეროვნული გუნდი 6 ივნისს დაუპირისპირდება.
„რაც შეეხება ნიდერლანდებთან თამაშს, ვფიქრობ, რომ მსოფლიოსა და ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრებია. საკმაოდ დიდი მოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ და ასეთი დონის მეტოქესთან თამაში ძალიან სასიამოვნოა. ვეცდებით, რომ მაქსიმალურად დავიხარჯოთ, ფეხბურთი ვითამაშოთ და დადებითი შედეგი დავაფიქსიროთ“.
ნიდერლანდებისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 6 ივნისს საფეხბურთო კლუბ „ტვენტეს“ სტადიონზე გაიმართება. ამხანაგური მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო, FM 102,3.