ოთარ კიტეიშვილი - ტრავმების გამო ბევრი სირთულე გადავიტანე, ამ გოლმა კი დიდი სიხარული დამიბრუნა [ვიდეო] #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილმა შეაფასა ევროპალიგის მეხუთე ტურის მატჩი, რომელშიც გრაცის „შტურმმა“ მისი გოლით როტერდამის „ფეიენოორდი“ 1:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით ავსტრიული კლუბი პლეი ოფს ძალიან მიუახლოვდა.

„სქაი სპორტ ავსტრიასთან“ ინტერვიუში 26 წლის ფეხბურთელმა გოლზე ემოციურად ისაუბრა და განვლილ პერიოდში გადატანილი სირთულეებიც გაიხსენა.

„უკეთეს დღეზე ვერ ვიოცნებებდი. ანგარიში 0:0 იყო, როცა მოედანზე შევედი და გადამწყვეტი გოლი ბოლო წუთზე გავიტანე. ბოლო თვეებში ტრავმების გამო ბევრი სირთულე გადავიტანე. ამ გოლმა კი დიდი სიხარული დამიბრუნა. ეს ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს!“ – აღიარა კიტეიშვილმა თამაშის შემდეგ.

კომენტარი გააკეთა „შტურმის“ მწვრთნელმა კრისტიან ილცერმაც და ქართველი ნახევარმცველი გამოარჩია:

„ძალიან ემოციური გამარჯვება იყო. ის მომენტი, როდესაც კიტეიშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი იყო ჩემს სამწვრთნელო კარიერაში. ძალიან რთული პირველი ტაიმის შემდეგ ხარისხიანი ფეხბურთი ვაჩვენეთ და გოლიც დამსახურებულად გავიტანეთ“.