ოთარ კიტეიშვილი - შვედეთთან პირველი მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილი თბილისში საქართველოს ნაკრებს შეუერთდა და გუნდთან ერთად შვედეთში გაემგზავრა, სადაც ვილი სანიოლის გუნდი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სადებიუტო მატჩში შვედეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
გრაცის „შტურმის“ ქართველმა ნახევარმცველმა შვედეთში გამგზავრებამდე მოახლოებულ მატჩებზე კომენტარი გააკეთა.
„ძალიან მიხარია, რომ გუნდთან ერთად ვარ. ტრავმის შემდგომი რეაბილიტაცია შედარებით სწრაფად გავიარე. რაც შეეხება საკვალიფიკაციო ეტაპს და კალენდარს, რთულ ჯგუფში მოვხვდით და ამასთან ერთად საკმაოდ რთული კალენდარიც გვაქვს, ექვს დღეში სამი თამაშის ჩატარება გვიწევს. მიუხედავად ყველაფრისა, პირველი თამაშიდანვე ბოლომდე ვიბრძოლებთ. ვთვლი, რომ პირველ მატჩში ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ ვითამაშებთ და რა შედეგით დასრულდება შეხვედრა. ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ გვსურს და ქართველ გულშემატკივარს გავახარებთ“, – ამბობს კიტეიშვილი.
მან კომენტარი ვილი სანიოლის შესახებაც გააკეთა.
„ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, ამასთან ერთად უახლოეს მატჩებში თამაშის შანსი რამდენიმე დებიუტანტს ექნება. სასიხარულოა, რომ ეროვნულ გუნდში თამაშის საშუალება ბევრ მოთამაშეს ეძლევა. რაც შეეხება ახალ მთავარ მწვრთნელს, მას დღეს შევხვდით და გავიცანით, მსურს, რომ წარმატება ვუსურვო. იმედი მაქვს, რომ მისი კარიერა საქართველოს ნაკრებში წარმატებული იქნება“.