ავსტრიის ბუნდესლიგის მორიგ ტურში გრაცის „შტურმმა“ უმთავრეს კონკურენტს, ვენის „რაპიდს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. გუნდს ოთარ კიტეიშვილი ვერ დაეხმარა – ქართველ ნახევარმცველს ტრავმა აქვს.
„შტურმმა“ 27-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „რაპიდს“ „მერკური არენაზე“ უმასპინძლა – მასპინძელთა განაცხადში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის არყოფნა, რომელიც წინა ტურში ვენის „ავსტრიასთან“ შეხვედრის ერთ-ერთი გმირი იყო, მოულოდნელი აღმოჩნდა.
„გრაცელები იძულებულნი არიან ოთარ კიტეიშვილის გარეშე ითამაშონ. „შტურმმა“ „რაპიდთან“ შეხვედრა მის გარეშე დაიწყო. ქართველს კუნთის ტრავმა აქვს. სამწუხაროა, რადგან ახლახან კიტეიშვილმა შესანიშნავი საგოლე პასით გაიბრწყინა“, – ასეთი ინფორმაცია გაავრცელა ავსტრიულმა გამოცემა kleinezeitung-მა.
რამენად მძიმეა კიტეიშვილის ტრავმა, ამის შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი. 25 წლის ნახევარმცველის 2021 წლის სექტემბერში დაშავდა, ტრავმა მძიმე აღმოჩნდა და ოპერაცია დასჭირდა. ამის გამო მოედანს მხოლოდ მარტში დაუბრუნდა და სამი შეხვედრის შემდეგ ისევ ტრავმა დაუდგინდა.
„შტურმმა“ კონკურენტთან შეხვედრა კარგად დაიწყო და ანგარიში 25-ე წუთზე გახსნა. „რაპიდის“ კარი იაკობ იანჩერმა აიღო და გრაცელებმა ტაიმი 1:0 მოიგეს. შესვენების შემდეგ მასპინძლებმა უპირატესობა გაზარდეს. 61-ე წუთზე „რაპიდს“ რასმუს ჰოილუნმა გაუტანა. 90+2-ე წუთზე „რაპიდის“ თავდამსხმელმა ფერდი დრეიფმა სხვაობა შეამცირა – 2:1.
27 ტურის შემდეგ „შტურმი“ 30 ქულით ავსტრიის ბუნდესლიგაში მეორე ადგილზეა, „რაპიდთან“ (22 ქულა) უპირატესობა 8 ქულამდე გაზარდა და ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე ფაქტობრივად, ევროსაგზური გაინაღდა. მთავარია, რომელ ადგილზე გავა – მეორეადგილოსანი ევროპალიგაზე ითამაშებს, ხოლო მესამეადგილოსანი – ევროპის კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში.