ოთარ კიტეიშვილი - საქართველოს ნაკრებს ტოპ-ნაკრებებთან მოგებაც შეუძლია #1TVSPORT
2022 წლის ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ესპანეთთან წაგება (1:2) ოთარ კიტეიშვილმა შეაფასა. ძლიერ მეტოქესთან შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელის თქმით, „ჯვაროსნებს“ ბრძოლა ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლიათ.
„ძალიან დასანანია, ვერც ერთი ქულა რომ ვერ მოვიპოვეთ. გვქონდა ამის შანსი, შეხვედრას ვიგებდით ისეთი მაღალი დონის გუნდთან, როგორიც ესპანეთის ნაკრებია. ფაქტი ისაა, რომ საქართველოს ნაკრებს აქვს რესურსი, ყველას, თუნდაც ტოპ-ნაკრებებს ეთამაშოს, მოუგოს, ან ქულა მაინც აიღოს. მიმაჩნია, რომ ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა ოთარ კიტეიშვილმა.
საქართველოს ნაკრებისა და ავსტრიული გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.
„ძალიან მაგარი გრძნობაა, როდესაც გულშემატკივარი საქართველოს ნაკრებს ამხნევებს. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო იმ გულშემატკივრებს, რომლებსაც მოსვლა ძალიან უნდოდათ, მაგრამ საშუალება არ მიეცათ და ტელეეკრანებთან გვგულშემატკივრობდნენ“.