ოთარ კიტეიშვილი სადებიუტო გოლზე - მიხარია, რომ გუნდის გამარჯვებაში ჩემი წვლილი შევიტანე [ვიდეო] #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილი სადებიუტო გოლზე - მიხარია, რომ გუნდის გამარჯვებაში ჩემი წვლილი შევიტანე [ვიდეო] #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილმა საქართველოს ნაკრებში დაბრუნება გოლით აღნიშნა. გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველი, რომელიც ერთი წელი გუნდს ტრავმების გამო ვერ ეხმარებოდა ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეცვლაზე შევიდა და სკოპიეში გამართულ მატჩს წერტილი დაუსვა.

ოთარმა ტოდორ პროესკის სახელობის არენაზე ჩრდილოეთ მაკედონიასთან „ჯვაროსნების“ დიდი ანგარიშით გამარჯვება ნიკა კვეკვესკირის ჩაწოდების შემდეგ დააფიქსირა – 3:0.

„ასეთ რთულ შეხვედრაში გამარჯვების მოპოვება ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანია, მით უმეტეს – გასვლაზე. მთელი გუნდი გახარებული ვართ და მინდა საქართველოს მივულოცო ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება. მიზნისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგით, მაგრამ საქმე აუცილებლად დასასრულებელია – სამ დღეში ბულგარეთთან მატჩში გვაქვს და უკვე შემდეგი თამაშისთვის ვემზადებით“, – ამბობს ოთარ კიტეიშვილი.

25 წლის ნახევარმცველმა კომენტარი ნაკრებში გატანილ სადებიუტო გოლზეც გააკეთა:

„რაც შეეხება ჩემს გოლს, ნაკრებში ეს სიხარული პირველად განვიცადე. განსხვავებული ემოციაა. ძალიან მიხარია, რომ ჩემი გოლით შევძელი გუნდის დახმარება და გამარჯვებაში ჩემი წვლილი ასე თუ ისე შევიტანე“.

აღსანიშნავია, რომ კიტეიშვილი ნაკრებში 2017 წლიდან თამაშობს, მაგრამ ეროვნულ გუნდში სადებიუტო გოლი „ჯვარონების“ ფორმით ჩატარებულ 25-ე შეხვედრაში გაიტანა.