ოთარ კიტეიშვილი „რუსთავს“ ესტუმრა და სამახსოვროდ კლუბს საკუთარი მაისური გადასცა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებისა და გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი მშობლიურ კლუბს, „რუსთავს“ ესტუმრა და საკუთარი მაისური სამახსოვროდ გადასცა, – ინფორმაციას კლუბი ავრცელებს.
„„რუსთავის“ საფეხბურთო სკოლის აღზრდილი ოთარ კიტეიშვილი რუსთავში, „ფოლადის“ სტადიონზე გვესტუმრა და მაისური გვისახსოვრა. „რუსთავის“ ასაკობრივ გუნდებში თამაშისას ოთარ კიტეიშვილის მწვრთნელი ვარლამ კილასონია იყო. მადლობას ვუხდით მას და ვუსურვებთ წარმატებებს“, – წერია კლუბის მიერ გავრცელებულ ცნობაში.
ოთარ კიტეიშვილი ადრეულ ასაკში „დინამო თბილისმა“ შენიშნა და კონტრაქტი გაუფორმა, მაგრამ სათამაშო პრაქტიკისთვის რუსთავის „მეტალურგში“ იჯარით გაუშვა. მშობლიურ ქალაქში მას სწორედ ვარლამ კილასონია ენდო და ორი სეზონის გატარების შემდეგ ისევ თბილისურ კლუბში დაბრუნდა.
„დინამოში“ ოთარმა ხუთი სეზონი გაატარა, მან 17 გოლი გაიტანა, გახდა საქართველოს ჩემპიონი, საქართველოს თასისა და სუპერთასის მფლობელი. 2018 წლის 31 ივლისს ოთარ კიტეიშვილი ავსტრიულ „შტურმში“ გადავიდა.
კიტეიშვილის დებიუტი საქართველოს ნაკრებში 2017 წლის 23 იანვარს უზბეკეთის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში შედგა. მას შემდეგ „ჯვაროსნების“ მაისურით 29 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.
დასრულებულ სეზონში ოთარ კიტეიშვილი გრაცის „შტურმში“ ავსტრიის თასის მფლობელი და ამ ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი გახდა. ის ახალი ევროსეზონიდან ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.