ოთარ კიტეიშვილი პოლონელების წინააღმდეგ - „შტურმი“ „ვისლას“ დაუზავდა #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმი“ მოსამზადებელ ეტაპზე, მორიგ საკონტროლო მატჩში პლოცკის „ვისლას“ შეხვდა და ფრედ 1:1 ითამაშა.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ავსტრიული კლუბის ძირითად შემადგენლობაში იყო და 71-ე წუთზე შეცვალეს. უპირატესობას „შტურმი“ ფლობდა, მაგრამ მე-20 წუთზე ანგარიში პოლონურმა კლუბმა მარკო კოლარის გოლით გახსნა.
ავსტრიელებს ანგარიშის გათანაბრების კარგი შანსები ჰქონდათ, მაგრამ ეს მცდელობები უშედეგოდ დასრულდა. პოლონური კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ავტრიელთა შორის ყველაზე აქტიური ოთარ კიტეიშვილი იყო, რომელმაც ორჯერ სცადა კარის აღება, ერთხელ ძელსაც მოარტყა ბურთი. ანგარიში 66-ე წუთზე ალბიან აიეტიმ მაინც გაათანაბრა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
ამ მატჩის შემდეგ „შტურმმა“ სერბულ „ვოზდოვაცთან“ მეორე საკონტროლო შეხვედრა განსხვავებული შემადგენლობით ჩაატარა. ავსტრიელებმა იანჩერისა (41) და ტეშეირას (81) გოლებით 2:0 მოიგეს, ამჯერად მწვრთნელმა ოთარ კიტეიშვილი დაასვენა.