ოთარ კიტეიშვილი - კიდევ ერთხელ უნდა ვაჩვენოთ გულშემატკივარს, რომ შედეგის მიღწევა შეგვიძლია #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეუერთდა და „ჯვაროსნებთან“ ერთად ერთა ლიგის 2024/25 წლების გათამაშებისთვის მზადება დაიწყო. გრაცის „შტურმის“ ლიდერმა და ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშემ სექტემბერში გასამართ მატჩებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:
„ნაკრებში განწყობა, როგორც ყოველთვის, ძალიან კარგია, განსაკუთრებით, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ. გვიხარია ისევ ერთად ყოფნა. ვემზადებით ერთა ლიგის ახალი სეზონისთვის, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვეცდებით, მოახლოებულ მატჩებს კარგ ფორმაში შევხვდეთ.
ჩეხეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე რთული მეტოქე იყო. ფიზიკურად ძლიერი გუნდია. მზად უნდა ვიყოთ, რომ იქნება ბევრი ორთაბრძოლა და საჯარიმოში მაღალი ჩაწოდებები. ალბანეთშიც ძალიან რთული შეხვედრა იქნება. კარგად უნდა მოვემზადოთ, რომ ეს თამაშები დადებითი შედეგით დავასრულოთ.
მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ გულშემატკივარს, ვინც გვერდში გვიდგას და მთელი გულით იზიარებს იმ სიხარულს, რომელიც ქვეყანას მოვუტანეთ. ვეცდებით, წარმატებული პერიოდი გავაგრძელოთ და კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, რომ შეგვიძლია კარგად თამაში და შედეგის მიღწევა“.
სექტემბრის სანაკრებო პაუზის ფარგლებში საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგის ორ მატჩს გამართავს – 7 სექტემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩეხეთს უმასპინძლებს, ხოლო 10 სექტემბერს ტირანაში ალბანეთის ესტუმრება.