ოთარ კიტეიშვილი - კარგი შანსი გვაქვს, რადგან საქართველოს ნაკრების წევრები მსოფლიოს საუკეთესო ტალანტებში დაასახელეს #1TVSPORT
„შტურმის“ ქართველ ფლეიმეიკერს, ოთარ კიტეიშვილს ავსტრიულმა გამოცემა krone-მ ინტერვიუ ჩამოართვა, რომელშიც მან სამომავლო გემებსა და ჩემპიონთა ლიგის ახალ სეზონში „შტურმის“ შანსებზე ისაუბრა.
„შტურმი“ კიდევ უფრო გაძლიერდება, თუნდაც ვინმე წავიდეს
„დასრულებულ სეზონში „ქართველი მესი“ ტრავმამ ორჯერ შეაჩერა. 27 წლის ფეხბურთელი, რომელმაც „შტურმში“ 1466 წუთი თამაშა, მხოლოდ მე-14 ადგილზეა. ლიდერმა ალექს პრასმა 3474 წუთი ითამაშა. ამიტომ ოთარი 22/23 სეზონს არაერთგვაროვანი განცდებით იხსენებს:
„გრაცში ჩამოსვლის შემდეგ ყველაზე წარმატებული სეზონი ახლა გვქონდა – მიმაჩნია, რომ ეს „შტურმის“ საუკეთესო ვერსია იყო. მეორე ადგილზე გავედით, ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შანსი გვაქვს და თასის მოპოვებით ყველანი ვამაყობთ. ეს ჩემი პირველი ტიტული იყო საქართველოდან წასვლის შემდეგ“.
თავის მხრივ, მან გამოტოვა 17 თამაში აქილევსის მყესის და ბარძაყის ტრავმების გამო. ეს არ იყო ისეთი ცუდი შემთხვევა, როგორც წინა სეზონში, როცა 23 შეხვედრა გაუცდა. თუმცა, ეს მაინც აღიზიანებს, მით უმეტეს, რომ კლუბში არსებული ტენდენციის საწინააღმდეგოდ, მისი საბაზრო ღირებულება სამიდან ორ მილიონამდე დაეცა. ახლა მოუთმენლად ელოდება საქართველოს ეროვნულ გუნდში თამაშს, სადაც ტრავმების გამო, 2017 წლის დებიუტის შემდეგ, 23 საერთაშორისო მატჩი გაუცდა:
„17 ივნისს კვიპროსში და 20 ივნისს შოტლანდიაში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მნიშვნელოვანი მატჩები გვაქვს. მოუთმენლად ველი ჩემი ქვეყნისთვის თამაშს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ყოველ ჯერზე, როცა მიწვევდნენ, ტრავმის გამო ვერ მივდიოდი. ახლა ჩვენ კარგი შანსი გვაქვს, რადგან საქართველოს ნაკრების ზოგიერთი მოთამაშე მსოფლიოს საუკეთესო ტალანტებში დაასახელეს“.
ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც „ნაპოლისთან“ ერთად იტალიის ჩემპიონობა მოიგო, უკვე 85 მილიონ ევროდ არის შეფასებული, ხოლო „ვალენსიის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი – 25 მილიონ ევროდ.
კიტეიშვილს არა მხოლოდ საკუთარი საბაზრო ღირებულების გაზრდის, არამედ გრაცის „შტურმის“ ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული გამოსვლის იმედიც აქვს და არც წარმატებული გუნდის დაშლის ეშინია:
„ვფიქრობ, მომავალ სეზონში კიდევ უფრო გავძლიერდებით, რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი უფრო ძლიერ ლიგაშიც რომ წავიდეს. „შტურმი“ არ არის დამოკიდებული ერთ ან ორ ინდივიდუალურ მოთამაშეზე – ჩვენ ძლიერი ვართ, როგორც გუნდი“.