ოთარ კიტეიშვილი - იმედია, საქართველოს ნაკრები გულშემატკივრის დახმარებით სასურველ შედეგს მიაღწევს #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილი საქართველოს ნაკრებს შეუერთდა, რომელიც ევრო 2024-ის შესარჩევ ჯგუფში ესპანეთისა და ნორვეგიის ეროვნული გუნდებს შეხვდება.
გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველი შეკრებაზე კარგ ხასიათზე ჩამოვიდა – ბოლო ტურში „ალტახთან“ გოლით და საგოლე გადაცემით „შტურმში“ მთავარი როლი ითამაშა, ანალიტიკურმა ვებპორტალმა sofascore-მა კი ავსტრიის ბუნდესლიგის მე-6 ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა სექტემბრის მოახლოებულ ოფიცალურ მატჩებთან დაკავშირებით ისაუბრა.
„რთული თამაშები გველოდება. ჯგუფის ორ გამორჩეულ გუნდს ვეთამაშებით. სასიამოვნოა, რომ ესპანეთთან მატჩი „დინამო არენაზე“ გაიმართება, სადაც გულშემატკივრისგან ყოველთვის განსხვავებული ემოცია იგრძნობა.
მოუთმენლად ველი ამ შეხვედრას. გუნდში ძალიან კარგი განწყობაა. დღეს სრული შემადგენლობით შევიკრიბეთ და იმედი მაქვს, რომ ქართველი გულშემატკივრის დახმარებით სასურველ შედეგს მივაღწევთ“, – ამბობს ოთარ კიტეიშვილი.
მატჩების განრიგი
8 სექტემბერი, 20:00
საქართველო – ესპანეთი
12 სექტემბერი, 22:45
ნორვეგია – საქართველო