ოთარ კიტეიშვილი - გვიხარია, რომ პოლონეთში ბევრი ქართველი გულშემატკივარი გაგვამხნევებს #1TVSPORT
ოქტომბერში ერთა ლიგის მოახლოებული მატჩებისთვის მზადების თაობაზე კომენტარი ოთარ კიტეიშვილმა გააკეთა. საქართველოს ნაკრების და გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველმა, ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშემ, გუნდში არსებულ კარგ განწყობას გაუსვა ხაზი და გასვლით შეხვედრაში გულშემატკივართა განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა.
„როგორც ყოველთვის, გუნდში იდეალური განწყობაა. ვემზადებით მნიშვნელოვანი და ძალიან რთული თამაშებისთვის. სექტემბერში წარმატებული მატჩები ჩავატარეთ, რაც დიდი შრომისა და კარგი მომზადების დამსახურებაა. აუცილებელია, რომ ეს წარმატებული სერია გავაგრძელოთ. მოახლოებული თამაშებისთვის განსაკუთრებულად უნდა მოვემზადოთ და იმედი მაქვს, ისეთი შედეგი იქნება, როგორიც სექტემბერში გვქონდა.
ევროპის ჩემპიონატს თუ არ ჩავთვლით, გასვლით მატჩზე ამდენი გულშემატკივარი არასდროს ყოფილა, რამდენიც უკრაინასთან თამაშს დაესწრება. ქართველ გულშემატკივარს უკვე აქვს იმის სურვილი, რომ გასვლით მატჩებზეც გვიქომაგოს. გაგვიხარდა როდესაც გავიგეთ, რომ სტადიონზე ბევრი ქართველი იქნება“, – განაცხადა ოთარ კიტეიშვილმა.
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჩეხეთი (4:1) და ალბანეთი (1:0) დაამარცხა და ორი ტურის შემდეგ 6 ქულით B1 ჯგუფში პირველ ადგილზეა.
უკრაინა-საქართველოს მატჩი პარასკევს, 11 ოქტომბერს გაიმართება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.