ოთარ კიტეიშვილი - გიბრალტართან სამი ქულა აუცილებელია
ოთარ კიტეიშვილი - გიბრალტართან სამი ქულა აუცილებელია

ოთარ კიტეიშვილი გიბრალტარისა და დანიის საფეხბურთო ნაკრებებთან შეხვედრისთვის ემზადება. ეროვნული ნაკრებისა და გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველმა უახლოეს სანაკრებო მატჩებზე ისაუბრა.

„გიბრალტარი და დანია ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული გუნდები არიან. გიბრალტარს შინ ვეთამაშებით და სამი ქულის მოპოვება აუცილებელია, მით უმეტეს, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის ორ შეხვედრაში დავმარცხდით. ამ ყველაფერთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეტოქე დავაფასოთ და მატჩისთვის სრული კონცენტრაციით მოვემზადოთ. რაც შეეხება დანიას, ვფიქრობ, ის ძალიან რთული მეტოქეა. აქედან გამომდინარე, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დანიელთა წინააღმდეგ რაც შეიძლება მეტი ქულა მოვიპოვოთ“, – ამბობს კიტეიშვილი.

22 წლის ფეხბურთელის თქმით, ნაკრებს პრობლემებს მოთამაშეთა მუდმივი ტრავმები უქმნის.

„სამწუხაროდ, ტრავმების გამო ოპტიმალური შემადგენლობით თამაშს ვერ ვახერხებთ და თითქმის ყველა შეკრებაზე ორი ან სამი ფეხბურთელი გვაკლდება. მიუხედავად ამ პრობლემისა, ვფიქრობ, გუნდში გვყავს მოთამაშეები, რომლებიც დანაკლისს შეავსებენ და გულშემატკივარს კარგ თამაშს უჩვენებენ“, – ამბობს კიტეიშვილი.