ოთარ კიტეიშვილი - ესპანეთთან მარცხის შემდეგ ნაკრებში კარგი ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ იყო #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ჩართვისას მოახლოებულ სანაკრებო მატჩებსა და განვლილ თამაშებზე ილაპარაკა.
საქართველოს ნაკრებისა და გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველის თქმით, სანაკრებო მატჩების შემდეგ ტრავმისგან სრულად განიკურნა და ფორმაში შევიდა.
„ტრავმა სექტემბრის სანაკრებო შეკრებაზე არ მიმიღია, მანამდე მაწუხებდა და მერე გამირთულდა. მკურნალობამ გარკვეული დრო წაიღო, მაგრამ ნელ-ნელა თავს კარგად ვგრძნობ და მიხარია, რომ სანაკრებო თამაშებს კარგ ფიზიკურ კონდიციებში შევხვდები. იმედია, უახლოეს სანაკრებო თამაშებშიც ოპტიმალურ ფორმაში ვიქნები – როგორც ფიზიკურად, ასევე – მენტალურად.
სექტემბრის მატჩებში წარუმატებლობის მიზეზი ისიც იყო, რომ ბევრი წამყვანი მოთამაშე გუნდს ვერ ეხმარებოდა. მაგრამ მე ვერ ვხსნი, ასეთი თამაშები რატომ ვაჩვენეთ. რთული თამაშები იყო, ალბათ, ესპანეთთან მარცხის შემდეგ ფსიქოლოგიური ფაქტორიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ალბათ, ამის შემდეგ კონცენტრაცია ძალიან გაგვიჭირდა.
ეს წარუმატებლობები ფეხბურთელებისთვისაა ყველაზე მტკივნეული, რადგან პირველი ნაკრების წევრებს გვინდა წარმატებით ვითამაშოთ და ხალხი გავახაროთ. იმედია, ეს წარმატება ოქტომბრის შეხვედრებში გველის. ვეცდებით, გულშემატკივრები გავახაროთ.
ბევრი კომენტარი იწერება, მაგრამ ფეხბურთელები ყოველთვის ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად დავიხარჯოთ. ბევრი უნდა ვიმუშაოთ ფეხბურთელებმა და სამწვრთნელო სტაფმა, თამაში რომ გამოვასწოროთ.
რა იყო მთავარი პრობლემა? მაინც აჯობებს, ეს მწვრთნელმა შეაფასოს, მაგრამ ჩემი აზრით, ესპანეთთან მარცხის შემდეგ გუნდში სათანადო ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ იყო. ბევრმა ახალმა ფეხბურთელმა ითამაშა და ეს რთულია, როდესაც ესპანეთით იწყებ. ალბათ, იყო ნერვიულობა, სწრაფად გავუშვით გოლები და ყველაფერი ცუდად აეწყო“.