ოთარ კიტეიშვილი - ესპანელების გოლებთან ერთად ჩვენი მუხტიც ნელ-ნელა გაქრა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებისა და გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში ესპანეთთან წაგებული (1:7) მატჩის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
„ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ 90 წუთი პრესინგით თამაში, ფაქტობრივად, შეუძლებელია. მეორე ნახევარში დავალება იყო, თავი კომპაქტურად დაგვეცვა, გატანა გვეცადა და ტაიმი მოგვეგო.
რა თქმა უნდა, შესვენებამდე დაფიქსირებული 0:4-ის შემდეგ თითქმის შეუძლებელი იყო თამაშის შემოტრიალება. მეტოქის უპირატესობა ბურთის ფლობაში სერიოზული იყო.
თუმცა, გვინდოდა, ჩვენი შანსები კონტრშეტევაზე მაქსიმალურად გამოგვეყენებინა, სწრაფი გოლიც გავიტანეთ. ეს პატარა მუხტი იყო, რომლითაც კიდევ რამდენიმე წუთი ვითამაშეთ, მაგრამ მათ გოლებთან ერთად ეს მუხტიც ნელ-ნელა გაქრა“, – ამბობს ოთარ კიტეიშვილი.