ოთარ კიტეიშვილი - ეს თამაშები მარტის მატჩებისთვის მოსამზადებლად უნდა გამოვიყენოთ #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილის გოლმა კვიპროსის ნაკრები გატეხა და გრაცის „შტურმის“ ქართველმა ნახევარმცველმა ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების დამაჯერებელ გამარჯვებას (4:0) სათავე დაუდო.
„მნიშვნელოვანი იყო, რომ ასეთი (შედეგიანი) თამაშები ჩაგვეტარებინა ტაილანდთან და კვიპროსთან, ბევრი გოლი გაგვეტანა და კარი „მშრალად“ შეგვენახა.
რა თქმა უნდა, ტაილანდი და კვიპროსი იმ დონის გუნდები არ არიან, რომლებიც საზომად ჩაითვლებიან, მაგრამ სექტემბრის სანაკრებო მატჩების შემდეგ ასეთი გამარჯვება და მოწინააღმდეგის დიდი ანგარიშით დამარცხება გუნდში განწყობის ასამაღლებლად თავდაჯერებულობისთვის გვჭირდებოდა. ამავე დროს, საჭირო იყო მარტის მატჩებისთვის მოსამზადებლად.
რა გვითხრა სანიოლმა შესვენებაზე გასახდელში? იყო რაღაც დეტალები, რაც შევცვალეთ, ბურთის მოსაპოვებლად ბრძოლა უფრო აქტიურად დავიწყეთ. პირველ ნახევარში კი ბურთი ხშირად მეტოქეს ჰქონდა, ჩვენ კი თამაშის რიტმს ვერ ვპოულობდით, თავისუფალ სივრცეებს ვტოვებდით და შეტევებში ჩართვა გვიჭირდა. მეორე ტაიმში კი ვითარება გამოსწორდა.
ნაკრების მაისურით გატანილი გოლი, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად ემოციურია. იმედი მაქვს, მომავალშიც არაერთხელ შევძლებ გავახარო გულშემატკივარი. ამ გუნდს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ითამაშოს ევროპის ჩემპიონატზე. მარტში მნიშვნელოვანი თამაშები გველოდება და ეს თამაშებიც მარტისთვის მოსამზადებლად უნდა გამოვიყენოთ, რათა საუკეთესო ფორმაში შევხვდეთ და მაქსიმალურად გამოვავლინოთ ჩვენი შესაძლებლობები“, – ამბობს ოთარ კიტეიშვილი.