საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა შვეიცარიასთან და ხორვატიასთან წლის ბოლო ოფიციალური და ამხანაგური მატჩებისთვის მზადება გერმანიის ქალაქ ბადვურისოფენში დაიწყო.
ვლადიმირ ვაისის გუნდმა შეკრების პირველ დღეს არასრული შემადგენლობით ივარჯიშა – მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში ჯერ მხოლოდ 13 ფეხბურთელია, მათ შორისაა გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი.
მან ვარჯიშის დასრულების შემდეგ, შვეიცარიასთან მოახლოებულ მატჩზე ილაპარაკა.
„შვეიცარიის ნაკრები ძლიერი გუნდი და ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდია. მათთან პირველ შეხვედრაში ისეთი თამაში ვერ ვაჩვენეთ, როგორიც გვსურდა და ანგარიშით 0:2 დავმარცხდით. იმ მატჩში შვეიცარიამ გვაჯობა, მაგრამ ახლა შევეცდებით, მაქსიმალურად დავიხარჯოთ და სასურველი შედეგის დასაფიქსირებლად, ჩვენი შესაძლებლობები გამოვავლინოთ. მიმდინარე წელს ერთი ოფიციალური და ერთი ამხანაგური შეხვედრა დაგვრჩა. ჩემი აზრით, ეს მატჩები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ მარტში გასამართ ერთა ლიგის პლეიოფებს იდეალურ ფორმაში შევხვდეთ“, – ამბობს ოთარ კიტეიშვილი.