ოთარ კიტეიშვილი – ერთა ლიგიდან ერთხელ უკვე მოვახერხეთ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა და ვეცდებით, ამ ჯგუფშიც წარმატებას მივაღწიოთ #1TVSPORT

00:21, 24.09.2026

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა ერთა ლიგის მოახლოებული შეხვედრების შესახებ ისაუბრა.

„ერთა ლიგის ახალი სეზონი და ახალი ეტაპი ჩვენთვის ყოველთვის განსაკუთრებულია. მოკლე პერიოდში გვიწევს ოთხი მატჩის ჩატარება და მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელები, რომლებიც ამ თამაშებისთვის არიან გამოძახებულნი, მაქსიმალურად მზად იყვნენ.

თითოეული შანსი, რომელიც გვაქვს, მნიშვნელოვანია და მისი გამოყენება აუცილებელია. მით უმეტეს, რომ ერთა ლიგიდან ერთხელ უკვე მოვახერხეთ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა და ვეცდებით, ამ ჯგუფშიც წარმატებას მივაღწიოთ.

კარგი სტარტი, განსაკუთრებით კი საშინაო მატჩებში წარმატების მიღწევა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. იმედი მაქვს, კარგად დავიწყებთ და მიმდინარე შეკრებას დადებითი შედეგით დავასრულებთ“, – ამბობს ოთარ კიტეიშვილი.

მსგავსი