ოთარ კიტეიშვილი იმედოვნებს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ძლიერ მეტოქეებთან (ესპანეთი, შვედეთი, საბერძნეთი, კოსოვო) მოხვედრის მიუხედავად, საქართველოს ნაკრები ღირსეულად გამოსვლას შეძლებს – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების და გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველმა საქართველოს პირველ არხთან ილაპარაკა.
„შესარჩევ ეტაპზე იოლ ჯგუფში მოხვედრის იმედი არ მქონია – ჩვენ მეოთხე კალათაში ვიყავით და ასეთი რამ გამორიცხული იყო. მაგრამ ჩვენ მაინც გამორჩეული მეტოქეები გვეყოლება. თუმცა, ჩვენი ვალია, შეუძლებელი შევძლოთ და გავახაროთ ქართველი გულშემატკივრები, რომლებიც ჩვენი გუნდის ბოლო დროინდელი თამაშებით გულდაწყვეტილები არიან“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ოთარ კიტეიშვილი.
საქართველოს ნაკრების და გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველის თქმით, 12 ნოემბერს ჩრდილოეთ მაკედონიასთან წაგება და ტრავმის გამო უთამაშებლობა დღემდე კოშმარივით ახსენდება.
„ამ შეხვედრას ისე ველოდი, დღემდე არ მჯერა, რომ ტრავმის მიზეზით გამოვტოვე. ეს ისეთი ტკივილია, ვერასოდეს დავივიწყებ. მაგრამ მეორეს მხრივ სტიმულია, რომ გუნდმა უფრო მეტი შეძლოს და გულშემატკივარი გაახაროს“, – აცხადებს კიტეიშვილი.