ოთარ კახიძემ სასამართლოს შესახებ „ევროპული საქართველოს“ საკანონმდებლო ინიციატივა ჟურნალისტებს გააცნო
„ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ სასამართლოს შესახებ „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა ჟურნალისტებს გააცნო.
ოთარ კახიძის განმარტებით, მომზადებული კანონპროექტი სამპუნქტიანია.
„1. დაუყოვნებლივ ამოქმედდეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე და ყველა დანაშაულზე, რომელიც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჩვენი მოქალაქეები აღარ იყვნენ დამოკიდებულნი ჩინჩალაძე- მურუსიძის სასამართლოზე, ანუ ხელისუფლების კონტროლირებად სასამართლოზე.
2. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებს ჩამოერთვათ მონოპოლია პარლამენტისთვის საკუთარი კანდიდატების წარდგენის, ამის უფლება მიეცეს საბჭოს ყველა წევრს და პარლამენტს ჰქონდეს შესაძლებლობა, გააკეთოს არჩევანი უფრო ფართო სიიდან.
3.უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დასამტკიცებლად განისაზღვროს დეპუტატთა ¾ კვორუმი, რათა გადაწყვეტილება ეფუძნებოდეს ფართო პოლიტიკურ კონსენსუსს;.
კანდიდატების კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, იურიდიულ კომიტეტთან შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, შემდეგი წესით:
საპარლამენტო უმრავლესობა – 4 დეპუტატი, უმცირესობა – 3 დეპუტატი, სხვა ფრაქციები – თითო დეპუტატი, ადვოკატთა ასოციაცია და სახალხო დამცველი – თითო წევრი, არასამთავრობო სექტორიდან ორი წევრი სახალხო დამცველის წარდგინებით.
სამუშაო ჯგუფს ჰქონდეს უფლება, მიიღოს კანდიდატების შესახებ ყველა ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, ასევე, საჭიროებისამებრ, გაესაუბროს კანდიდატებს, ხოლო საბოლოო დასკვნა წარუდგინოს იურიდიულ კომიტეტს.
პარლამენტის რეგლამენტში დეტალურად გაიწეროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის წესი, კერძოდ:
ა) იურიდიულ კომიტეტში კანდიდატთან კითხვა-პასუხისთვის დადგინდეს გარანტირებული დრო ყველა საპარლამენტო ჯგუფისთვის – უმრავლესობა 30 წთ, უმცირესობა 20 წთ, სხვა ფრაქციები – თითოს 10 წუთი, დამოუკიდებელი დეპუტატი 5 წთ.
ბ) პლენარულ სხდომაზე კანდიდატებთან შეხვედრა წარიმართოს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის წესის შესაბამისად.“.-ნათქვამია „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივაში.