პოლონეთის „ექსტრაკლასაში“ ოთარ კაკაბაძის „კრაკოვია“ „პუშჩას“ ესტუმრა და ქართველი მცველის გოლით 2:1 გაიმარჯვა.
ჩემპიონატის მეცხრე ტურის შეხვედრა „პუშჩამ“ კარგად დაიწყო და მეექვსე წუთზე მიხალის კოსიდისის გოლით დაწინაურდა. მაგრამ საკმაოდ სწრაფად (მე-15 წუთი) ვირჯილ გიტამ წონასწორობა აღადგინა და ტაიმი 1:1 დასრულდა.
თამაშის ბედი შესვენების შემდეგ გადაწყდა – მიზანს საქართველოს ნაკრების მცველმა მიაღწია. კაკაბაძემ ბურთი საჯარიმოში მიიღო და მახვილი კუთხიდან ძალიან ეფექტური დარტყმით „კრაკოვიას“ გამარჯვება მოუტანა.
ცხრა ტურის შემდეგ „კრაკოვიამ“ 19 ქულა დააგროვა და, პოზნანის „ლეხთან“ ერთად, გათამაშების ლიდერია. ოთარ კაკაბაძემ კი მიმდინარე სეზონში პირველად გაიტანა.