ოთარ კაკაბაძე - სეზონი კარგად დავიწყეთ, მაგრამ ჩემპიონობაზე ლაპარაკი ნაადრევია #1TVSPORT
„ზაფხულში საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე აურზაური მოაწყო. პოლონეთში დაბრუნების შემდეგ ოთარ კაკაბაძე „კრაკოვიას“ კაპიტანი გახდა, ახლა კი ექსტრაკლასას ერთ-ერთი უდიდესი აღმოჩენაა“, – ასე დაახასიათა პოლონურმა გამოცემა Pilka Nozna-მ ქართველი მცველი, რომელსაც ინტერვიუ ჩამოართვა.
„რა არის ამ სეზონში „კრაკოვიას“ შესანიშნავი თამაშის საიდუმლო?
– თავიდან მიზნად რვა გუნდში მოხვედრა დავისახეთ. მოგების მიუხედავად, ვიცით, რა დონის გუნდი ვართ, მაგრამ ჩვენი დამოკიდებულება არ იცვლება: მიზნისკენ კვირიდან კვირაში წინ მივიწევთ და ძალიან შორს არ ვიყურებით, რადგან ამას შესაძლოა კატასტროფული შედეგი მოყვეს.
ცხრილის სათავეში ვართ და უკვე ბევრი ფიქრობს, რომ შეგვიძლია პოლონეთის ჩემპიონობისთვის ვიბრძოლოთ. თუმცა, ამ ყველაფერს მშვიდად ვუყურებ, პირველობაზე ლაპარაკი კი ნაადრევია. მახსოვს ორი წლის წინანდელი ამბავი, რაც პლოცკის „ვისლას“ შეემთხვა – შემოდგომაზე ლიდერობდა, მაგრამ სეზონის ბოლოს დაქვეითდა. ამიტომ პროგნოზებში მოკრძალებულები უნდა ვიყოთ.
მეორე მხრივ, არიან გუნდები, რომლებიც რამდენიმე თვის წინ აუტსაიდერები იყვნენ – „იაგელონია“ და „სლასკი“, მაგრამ ერთი წლის შემდეგ პოლონეთში ჩემპიონები და ვიცე-ჩემპიონები გახდნენ. თუმცა, ტიტულისთვის ბრძოლაზე საუბარი მაინც ნაადრევია. ამ სეზონში ჯერ არ გვითამაშია პოზნანის „ლეხთან“ და ვარშავის „ლეხიასთან“, რომლებთანაც კონკურენცია ყოველთვის რთულია. შემოდგომის შედეგებიდან გამომდინარე, გაგვიადვილდება იმის გაგება, რეალურად რა შეგვიძლია.
გასული სეზონის შემდეგ რა შეიცვალა „კრაკოვიაში“? ახალი მწვრთნელი და რამდენიმე ახალი მოთამაშე გვყავს და გუნდში ახალი „სისხლია“. გარკვეული დეტალები შევცვალეთ, რაიმე მნიშვნელოვანი კორექტირება, არ მომხდარა და ჩვენი სტილი უცვლელი დარჩა, მაგრამ უბრალოდ მეტი დრო გვჭირდება, გუნდი კარგად რომ ათამაშდეს“, – ამბობს ოთარ კაკაბაძე.