5 ივნისს, ლუქსემბურგთან დაგეგმილი საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრისთვის საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ოთარ კაკაბაძე და ჯაბა კანკავა შეუერთდნენ.
ორივე მათგანი ნაკრებში საკლუბო შეხვედრების შემდეგ გამოცხადდა. ეროვნული გუნდის კაპიტანმა კანკავამ 31 მაისს, ყაზახეთის პრემიერლიგაში “ტობოლის” ფორმით საშინაო შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა “კიზილ-ჟარასთან”, სადაც 3 ქართველი თამაშობდა – გიორგი ფოფხაძე, შოთა გრიგალაშვილი და გოგიტა გოგუა. საბოლოოდ, სტუმრებმა მოიგეს 0:1.
კანკავასთან ერთად, “ტობოლში” ითამაშა ნიკა კვეკვესკირმაც, რომელიც სანაკრებო შეკრებაზე ასევე გამოძახებული იყო, თუმცა 25 წლის ნახევარმცველი ტრავმის გამო “ჯვაროსნების” საწვრთნელ პროცესზე ვერ გამოცხადდა. კვეკვესკირმა “კიზილ-ჟარასთან” შეხვედრა შეუცვლელად კი ჩაატარა, თუმცა ტრავა გაუმიზეზდა.
ოთარ კაკაბაძე კი საქართველოს ნაკრებს ესპანეთიდან შეუერთდა, სადაც “ხიმნასტიკის” შემადგენლობაში ბოლო შეხვედრა ლა ლიგა-2 გამარჯვებულ “რაიო ვაიეკანოსთან” (მისმა გუნდმა 2:0 მოიგო) ჩინებულად ჩაატარა და ანგარიშზე ორი საგოლე გადაცემა ჩაიწერა.
“საწვრთნელი შეკრების ბოლო ამხანაგური მატჩისთვის ვემზადებით, მშვენიერი განწყობა გვაქვს და გამარჯვებას ვგეგმავთ. მნიშვნელოვანი საკლუბო მატჩების გამო, მალტასთან პირველი ამხანაგური არ მითამაშია. ახლა სხვებთან ერთად ლუქსემბურგთან მატჩისთვის სრულად მობოლიზებული ვარ“ – ამბობს ოთარ კაკაბაძე.
შეგახსენებთ, რომ ლუქსემბურგი-საქართველოს საფეხბურთო დაპირისპირებას 5 ივნისს, თბილისის დროით 22:00 საათზე პირველი არხი შემოგთავაზებთ.