ოსიმენის ტრავმა სერიოზული არ არის - „ნაპოლის“ ტიფოზები დიეგო დემეს დაბრუნებას ითხოვენ #1TVSPORT
საუდის არაბეთისა და ნიგერიის ნაკრების ამხანაგურ შეხვედრაში (რომელიც 2:2 დასრულდა) „ნაპოლის“ თავდამსხმელი, ვიქტორ ოსიმენი დაშავდა, მაგრამ იტალიის ჩემპიონის მთავარი მეგოლის ტრავმა სერიოზული არ არის.
ამის შესახებ OmaSportsTV-სთან საუბრისას ნიგერიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ხოსე პესეირომ ისაუბრა, რომლის კომენტარიდანაც ცნობილი გახდა, რომ ოსიმენის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„ოსიმენი ზედმეტი გართულებების თავიდან აცილების მიზნით შევცვალეთ, მან მოედანი თავისი ფეხით დატოვა, რაც უკვე კარგია. ზუსტი დიაგნოზი სამედიცინო შემოწმების შემდეგ გახდება ცნობილი. მუდმივ კონტაქტზე ვართ „ნაპოლისთან“ და მის ხელმძღვანელობასთან, რადგან სანაკრებო პერიოდში ფეხბურთელის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი ჩვენ ვართ.
ოსიმენი 16 ოქტომბერს მოზამბიკთან ამხანაგურ მატჩს, ალბათ, გამოტოვებს, რადგან, შესაძლოა, ტრავმა გართულდეს. პატივი უნდა ვცეთ იმ კლუბს, რომელიც მას ხელფასს უხდის“, – განაცხადა ნიგერიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.
ასევე ტრავმირებულია „ნაპოლის“ კიდევ ერთი საკვანძო მოთამაშე, ზამბო ანგისა. „არეანაპოლი“ ვარაუდობს, რომ ნახევარდაცვაში მისი არყოფნით გამოწვეული ვაკუუმის შევსება დიეგო დემეს შეუძლია, რომელიც „ნაპოლიში“ დავიწყებული ფეხბურთელია.
„ბევრი ნეაპოლელი გულშემატკივარი ვერ ხსნის, რატომ დაივიწყა რუდი გარსიამ დიეგო დემე, რომელსაც გუნდის წარმატებაში დიდი წვლილის შეტანა შეუძლია. „ფიორენტინასთან“ მატჩის შედეგზე დიდი გავლენა იქონია ანგისას მდგომარეობამ. სოციალურ ქსელებში გულშემატკივრები წერენ, რომ დიეგო დემეს „ნაპოლის“ დახმარება შეუძლია. საერთოდ, რატომ არის ის დავიწყებული? მისი იგნორირება შეცდომაა“, – წერს „არეანაპოლი“.